ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, საზოგადოებას გასაგებ ენაზე ესაუბროს

საქართველოს პრემიერმინიტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა, საზოგადოებას გასაგები ენით ელაპარაკოს.

შეკითხვა, თუ რას მიიჩნევს მისი ან მისი პოლიტიკური გუნდის შეცდომას ოპოზიციასთან მიმართებაში, ბიძინა ივანიშვილს მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ, ესტონელმა დეპუტატმა ადრეს ჰერკელმა დაუსვა.

„თქვენს შეკითხვაში უკვე ჩანს, რომ ორივე მხრიდან ისმის კრიტიკა. ეს რიტორიკის დონეზე მოიყვანეთ ჩვენი ურთიერთობები, პოზიციასა და ოპოზიციას შორის, რაშიც მე არ გეთანხმებით. კარგი იქნებოდა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ, უფრო მეტი დრო დახარჯოთ და დაგვეხმაროთ თქვენი რჩევებით ამ მხრივ“, - უპასუხა დეპუტატს ივანიშვილმა.

„გარწმუნებთ, ნებისმიერი ჩემი გამოსვლა თუ პრესკონფერენცია მუდამ მიმართულია, რომ მაქსიმალურად დავარწმუნო საზოგადოება, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ვითანამშრომლოთ ოპოზიციის მაქსიმალურ ნაწილთან. ეს არც ისეთი მარტივია, მოკლე პასუხში გამიჭირდება გაშლა. ჩემი თხოვნით, ბატონო ჰამერბერგი აკვირდება პროცესებს, არსებობენ ეუთოს დამკვირვებლები, რაც მეტი იქნება დამკვირვებელი, უფრო კარგია. თუ საშუალება გექნებათ, ყველა პირობას შეგიქმნით, რომ კიდევ მოავლინოთ თქვენი წარმომადეგენლები, რომ ამ პროცესებს ყურადღებაც მიაქციოთ, ინფორმაციაც მეტი, ობიექტური მიიღოთ და რჩევებიც მოგვაწოდოთ.

ესეც რიტორიკულია, თეორიული, რომ ჩვენ ოპოზიციის მიმართ გვაქვს პრეტენზია - ისინი ვერ იცვლიან საკუთარ ხელწერას და აგრძელებენ საკუთარ მოსახლეობასთან გაუგებარ ენაზე საუბარს, რაც საუბედუროდ კიდევ უფრო აღვივებს აგრესიას საზოგადოებაში. პირად შეხვედრებში, სააკაშვილთან თუ სხვა წევრებთან, ჩემს ნებისმიერ გამოსვლაში ყოველთვის მოვუწოდებდი მათ და დღესაც ვისარგებლებ, რომ ისინი უნდა ესაუბრონ საკუთარ მოსახლეობას გასაგებ ენაზე. დღემდე აგრძელებენ, ამას აკეთებდნენ მუდამ, რომ საუბრობენ საქართველოში და გესაუბრებიან თქვენ, ევროპელებს და ამერიკელებს. ეს ენა ქართველებისთვის არის გაუგებარი და მიუღებელი, რამეთუ ძალიან ხშირად სიცრეზეა დამყარებული. აქაა ძირითადი პრობლემა. ისინი აგრძელებენ ჩვეულ რიტორიკას, ჩვეულ ქცევებს, მათ ასეთი ქცევებით წააგეს არჩევნები და ნაცვლად იმისა, რომ მათ ეს პოზიცია დააფიქსირონ და შეიცვალონ საკუთარი ქმედებები, ისევე გრძედება, რაც გარკვეულწილად პრობლემებს ქმნის“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

 

კომენტარები