ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ოპოზიცია სიცრუის გავრცელებას ევროპაშიც ახერხებს

„ჩვენ მთლიანად გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის დასკვნა და გავითვალისწინებთ მომავალშიც“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას.

შეკითხვა იმის შესახებ, თუ რატომ არ მოხდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით, ივანიშვილს ბრიტანელმა კონსერვატორმა დეპუტატმა ედვარდ ლიმ დაუსვა.

„მე მგონი, თქვენ გაქვთ ისევ ცალმხრივი ინფორმაცია, კიდევ რჩება საშუალებები და ახერხებს ოპოზიცია დღეს, რომ სიცრუე გაავრცელოს ევროპაშიც“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა. - „საქმე აბსოლუტურად პირიქითაა, ჩვენ მაქსიმალურად, თითქმის 100%-ით, გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის დასკვნა და გავითვალისწინებთ მომავალშიც. შესაბამისად, თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია. ჩვენ ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის დასკვნას, ვითვალისწინებთ სამოქალაქო საზოგადოების აზრს. გაცნობებთ, რომ თვითონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც თანახმაა ამ ტიპის რეფორმის გატარებაზე. უკვე არსებობს ბატონი ჰამერბერგის შეფასებაც, რომელიც აღიარებს, რომ ეს რეფორმა არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. ერთადერთი კაცი, ვინც არ ეთანხმება ამ რეფორმას, გახლავთ სააკაშვილი და ცდილობს, რომ ვეტო დაადოს - მაშინ, როდესაც სხვა განსხვავებული აზრი არ არსებობს პრაქტიკულად“. 

 

კომენტარები