შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო, თითქოს პირველი მაისის აქციაზე პოლიციამ უფლებამოსილებას გადააჭარბა, ოფიციალურ გვერდზე ვიდეომასალა გამოქვეყნა.
ვიდეოკადრები გარე სათვალთვალო კამერების მიერაა დაფიქსირებული. სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, თუ როგორ არღვევენ დემონსტრანტები საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატა შენობების იერსახის დამახინჯებასა და მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანების დაზიანებაში.
ვიდეომასალის გავრცელებამდე შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია აქციაზე საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა: "პოლიცია მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო და დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი. აქციის მონაწილე რამდენიმე პირი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. ჩვენ გვაქვს კადრები, რომ შემხვედრ მძღოლს სრულიად უმიზეზოდ ავტომანქანა დაუზიანეს. რამდენიმე პირის დესტრუქციული ქმედება კი მოგვიანებით მთელ მასას გადაედო. ყველას უნდა ახსოვდეს თავისი ვალდებულება, დაიცვას კანონი. პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რამდენიმე დესტრუქციული ენერგიის შემტანმა პირმა უსიამოვნო შედეგი მოიტანა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.





