საქართველოს საგარეო პოლიტიკა

ბოკერია: NATO-სკენ გზა მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რასაც რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ეძახიან

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციაში სტუმრობისას, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ რუსეთთან ურთიერთობის „დალაგებაზე" ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთთან ურთიერთობის რეალურ „დალაგებას", მხოლოდ ბალტიის ქვეყნების მაგალითზე მოახერხებს - ანუ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა გამოვა მისი გავლენის სფეროდან.
ამ კონტექსტში, უშიშროების საბჭოს მდივანი ბიძინა ივანიშვილის 30 აპრილის განცხადებას მიესალმა, რომელმაც აღნიშნა რომ მომავალი წლის NATO-ს სამიტზე დაგეგმილი აქვს MAP-ის მიღება.
"მივესალმები პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას, რა უნდა იყოს ჩვენი სამიზნე NATO-ს მომდევნო სამიტზე, კერძოდ, MAP-ის მიღება. ვთვლი, რომ ამის გარშემო უნდა იყოს პოლიტიკური სპექტრი გაერთიანებული. ეს გზა მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რასაც რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ეძახიან და არა ის მიმართულება, როდესაც ჩვენ ვაჩვენებთ, რომ წინა ხელისუფლებას ვემიჯნებით და ამის გამო უცებ, პრეზიდენტი პუტინი და რუსეთის პოლიტიკური კლასი თავის სტრატეგიულ ხედვებს შეიცვლის, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა - მიხვდებიან, რომ არ სჭირდებათ ოკუპაციაო. ეს, უკეთეს შემთხვევაში, გულუბრყვილობაა", - აღნიშნა ბოკერიამ.
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სამწუხაროდ საქართველოს სტრატეგიული შეუთავსებლობა აქვს რუსეთთან.
"დიალოგს რუსეთთან არავინ ეწინააღმდეგება. მივესალმებით, წარმატებას ვუსურვებ ახალ მთავრობას, თუ წინ წასწევენ რაიმე საქმეს, მათ შორის რუსეთის ბაზარზე შესვლას. ჩვენი ინტერესია, ჩვენი პროდუქცია გავიდეს რუსეთის ბაზარზე, თუმცა, გადაჭარბებულ მოლოდინებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ეს იქნება კარგი, მაგრამ არ იქნება გარღვევა ქართულ ეკონომიკაში, რადგან საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა და მისი დივერსიფიცირება მოხდა. რომ იყოს რაღაც პროგრესი, ეს ვერ იქნება გარდამტეხი ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში და ეს ილუზია ჩვენს საზოგადოებას არ უნდა შეუქმნას ახალმა ხელისუფლებამ", - განაცხადა ბოკერიამ.
უშიშროების საბჭოს მდივანი თვლის, რომ საჭიროა სიფრთხილე, იმისთვის რომ საქართველო რაიმე სფეროში ისევ რუსეთზე დამოკიდებული არ გახდეს.
"განსაკუთრებით ეს ეხება ენერგეტიკის სფეროს. აი, აქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. უნდა ვიყოთ დივერსიფიცირებული, გავაგრძელოთ ინვესტიციები, რაც სამწუხაროდ ახლა არ ხდება", - განაცხადა ბოკერიამ.
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გულუბრყვილობაა რუსეთთან რიტორიკის შეცვლის რევერანსით მისი პოზიციის ცვლილების მოლოდინი.
"იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება და პრემიერი რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებისას არ იყო ინფორმირებული, ან მხოლოდ რიტორიკაზე საუბრობდა და არა სტრატეგიულ დოკუმენტებზე ძირეული ჩანაწერების შეცვლაზე. არ შევუდგები იმის ანალიზს, რა იყო პრემიერის ამ შეცდომის ანატომია, ფაქტი კი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში, ვგულისხმობ, როგორც წინა მთავრობის მიერ შექმნილს, ისე სტრატეგიული მიმოხილვის ახალ პროექტს, აღწერილია ზუსტად ის ვითარება, რომელიც არის ის, რომ რუსეთის ჯარების მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა, რომ თავისთავად ეს არის მთავარი გამოწვევა და საფრთხე და რომ შემდგომი სცენარები, დესტაბილიზაციის საფრთხე მომდინარეობს სწორედ აქედან", - განაცხადა ბოკერიამ.
გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ სტრატეგიულ დოკუმენტებში რუსეთის საფრთხედ აღქმის ჩანაწერები მანამ უნდა არსებობდეს, სანამ ამ ქვეყნიდან რეალური საფრთხე არსებობს.
"თუ პრემიერს აქვს რაიმე არგუმენტი და აგვიხსნის, რატომ არ უნდა იყოს ასე, მოვისმენთ, მაგრამ ჩვენ სხვა რეალობას ვერ ვხედავთ. თუ ილუზია არსებობს, რომ ასეთი რევერანსებით მოხდება რუსეთის პოზიციის შეცვლა, ეს, საუკეთესო შემთხვევაში, არის გულუბრყვილობა და ასუსტებს ჩვენს პოლიტიკურ და დიპლომატიურ პოზიციებს", - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები