19 აპრილის აქცია

გიგი უგულავა: გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით, არის სიმართლის გზა

19 აპრილს აქციაზე შეკრებილებს თბილისის მერმა გიგი უგულავამ მიმართა. მისი თქმით, დღევანდელი აქცია მნიშვნელოვანია იმით, რომ იბადება ახალი ეროვნული მოძრაობა, ახალი ოპოზიცია და რაც მთავარია, ახალი ევროპული საქართველო.

„გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით არის სიმართლის გზა“, - აღნიშნა უგულავამ.

მისი შეფასებით, დღეს საქართველო ნამდვილად უკეთესია, ვიდრე 2004 წელს, თუმცა ქვეყანამ ბევრი დრო დაკარგა იმისთვის, რომ შეჩერების ფუფუნება ჰქონდეს.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყნის სათავეში ყოფნის დროს ბევრ რამეს მიაღწია, თუმცა შეცდომებიც ბევრი იყო. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ხალხს, რომელმაც მათ გამოფხიზლებას და იმ მედროვე ადამიანებისგან გათავისუფლებას შეუწყო ხელი, რომლებიც მოგვიანებით ახალმა ხელისუფლებამ გადაიბარა.

„არ გვინდა წითელ და ცისფერ ფერებად დაყოფილი საქართველო“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, არ არსებობს ორი საქართველო: საქართველო ერთია და ის ევროპისკენ მიდის. ამის ნიშანი გიგი უგულავასთვის ის არის, რომ 19 აპრილის აქციაზე ის ხალხიც მივიდა, ვისაც შესაძლოა არჩევნებზე ხმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის არ მიუცია.

„შეიძლება 7 თვე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიო, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდეთ - ქვეყანა არ მიდის წინ და ჩვენ ეს გვტკივა. ამ ტკივილმა მოგვიყვანა აქ და სხვა არაფერმა“ - აღნიშნა გიგი უგულავამ.

თბილისის მერის თქმით, დროა ქართველმა ხალხმა დაივიწყოს სიტყვა დაბრუნება, რადგან ის მხოლოდ წარსულთან ასოცირდება: „ჩვენ გვინდა გამარჯვება - გამარჯვება არის სიტყვა, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე“.

თბილისის მერის განცხადებით,  საქართველო არ იყოფა ნომრებად, არც ფერებად. „საქართველოს აქვს ერთი მომავალი, რომელსაც ჩვენ უნდა ვემსახუროთ“ - აღნიშნა გიგი უგულავამ.

კომენტარები