19 აპრილის აქცია

თინა ხიდაშელი: ნაციონალები აქციას მხოლოდ იმიტომ ატარებენ, რომ ვანოს ეგრე უნდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თინა ხიდაშელი, 19 აპრილისთვის დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. როგორც ხიდაშელმა სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში განაცხადა, "ნაციონალები აქციას მხოლოდ იმიტომ ატარებენ, რომ ვანოს ეგრე უნდა''.

"ხან გვეუბნებიან, აქციაზე იმიტომ გამოვდივართ, დემოკრატია უნდა გადავარჩინოთო, როგორც გოგა ხაჩიძე ამბობს, ხოლო ცოტა უფრო მასზე ჭკვიანი ოპოზიციონრები ამბობენ, რომ არა, იმიტომ გამოვდივართ, ევროპაში რომ გვინდა, ეს ვთქვათო. რომელ კარს ამტვრევენ, ვერ გავიგე. ევროპაში ვის არ უნდა, ასეთ ადამიანებს არ ვიცნობ მე საქართველოში. თუ ჩამოყალიბდებიან, რამე მოთხოვნები ექნებათ კონკრეტული, გასაგები ადამიანებისთვის, შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი და გავიდეს მათთან ერთად, მაგრამ აქციას ისე ატარებენ, რომ ვანოს ეგრე უნდა, რომ რუსთველის გამზირზე ერთხელ მაინც ცხოვრებაში მიტინგზე სიტყვით გამოვიდეს, 20 წელია, მან ეს ვერ მოახერხა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა ინტერპრესნიუსთან საუბარში. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ''საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციით არ უნდა იყოს დაკავებული''.

''მათი ლიდერი დადის მსოფლიოში და იძახის, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში დაბრუნდა და ბოლშევიზმიაო. რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ამაზე, მით უფრო საბოტირებას ახდენს იმ ქვეყნის, რომლის პრეზიდენტიც არის'', - აცხადებს თინა ხიდაშელი. 

 

კომენტარები