უწყებათაშორისი კომისია

გიგა ბოკერია 19 აპრილის პლაკატის ჩამოხევის შესწავლის რეკომენდაციით გამოვიდა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, პატრულის მიერ 19 აპრილის პლაკატის ჩამოხევასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ბოკერიამ რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი და სათანადო რეაგირება მოახდინოს.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს უფლება განსაზღვროს სად შეიძლება გაიკრას საარჩევნო პლაკატები და სად არა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ამას ადგილობრივი თვითმმართველობა განსაზღვრავს. თბილისის მერიის იმ ჩამონათვალში, სადაც სააგიტაციო მასალის გაკვრა იკრძალება, არ არის ჯორჯ ბუშის ქუჩა, საიდანაც პატრულის თანამშრომლებმა 19 აპრილის პლაკატი ჩამოხიეს. 

კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაცია კომისიის უმრავლესობამ არ გაიზიარა, რადგან მათი თქმით, 19 აპრილის აქცია ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო რეკლამას არ წარმოადგენს. 

15 აპრილს, უმცირესობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ვიდეო გაავრცელა, რომელზეც ჩანს, რომ პატრულის თანამშრომლები 19 აპრილის პლაკატს ხევენ. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ პატრულმა თვითნებურად ჩამოხია პლაკატი, რადგან ის აკრძალულ ადგილას იყო გაკრული. 

 

კომენტარები