კომუნიკაციების ეროვნული კომისია

საერთაშორისო გამჭვირვალობა პარლამენტს ირაკლი ჩიქოვანის საქმიანობის შესწავლას სთხოვს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პარლამენტს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის, საქმიანობის შესწავლას სთხოვს
ჩიქოვანმა გუშინ, 15 აპრილს, უცხოეთიდან ფაქსით გამოაგზავნა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება, რომელშიც ის პრეზიდენტს პოსტიდან გათავისუფლებას სთხოვს. თუმცა, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩიქოვანი მზადაა დარჩეს კომისიის რიგით წევრად. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გასული  წლის ნოემბრიდან შვებულებაშია და ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. 
"გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩიქოვანი სამსახურში 2012 წლის 22 ნოემბრის შემდეგ არ გამოცხადებულა. აქედან, პირველი ორი თვე კომისიის თავმჯდომარე ოფიციალური შვებულებით სარგებლობდა. შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ კი, იგი ორ თვეზე მეტია, არასაპატიო მიზეზით აცდენს სამსახურს, რაც, კანონმდებლობის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობად ითვლება.
თუკი ირაკლი ჩიქოვანის მხრიდან რაიმე სახის დარღვევა იქნა აღმოჩენილი, პარლამენტმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, მათ შორის, შესაძლოა, იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საჭიროებაც დადგეს. ხოლო, თუ საპირისპირო დამტკიცდება, მაშინ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისია, უკვე ახალი ხელმძღვანელობით, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოახერხებს საქმიანობის გაგრძელებას.  
აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრები იმუნიტეტით სარგებლობენ, რაც მათ საქმიანობას პოლიტიკური ჩარევისგან იცავს. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მხოლოდ საქართველოს პარლამენტია უფლებამოსილი გადაწყვიტოს, დაარღვია თუ არა კომისიის წევრმა ნაკისრი ვალდებულებები.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ირაკლი ჩიქოვანის ირგვლივ წარმოშობილი ეს გაურკვევლობა და მის მიერ სამსახურში გამოუცხადებლობა აფერხებს საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის ფუნქციონირებას და ჩრდილს აყენებს კომისიის რეპუტაციას, შესაბამისად, პარლამენტმა ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა დროულად უნდა უზრუნველყოს", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები