მეხუთე კოლონა ან ხუთი ნომერი

„მეხუთე კოლონას“ ჩვეულებრივ უწოდებენ ადამიანთა ჯგუფს, ვინც ფარული ან ღია მოქმედებებით ცდილობს საფუძველი შეურყიოს ეროვნულ ერთიანობას. ამ ტერმინს 1936-1939 წლების ესპანეთის სამოქალაქო ომში ამბოხებულთა გენერალ ემილიო მოლა ვიდალს მიაწერენ. ამბოხებულთა ოთხ შეიარაღებულ კოლონას მადრიდზე იერიში მიჰქონდა. „ჩემი ჯარისკაცების კიდევ ერთი, მეხუთე კოლონა, მადრიდში გველოდებაო“, აცხადებდა გენერალი. „მეხუთე კოლონის“ საქმიანობის ძირითად მეთოდად მიიჩნევა ინფილტრაცია საზოგადოებრივ ქსოვილში, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ კლასში, და დეზინფორმაციის, ჭორებისა და სიცრუის გავრცელება საზოგადოების დემორალიზების მიზნით.

ბოლო რამდენიმე კვირის ტენდენცია: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შევიწროების შედეგად გამოთავისუფლებული პოლიტიკური სივრცის ნაწილის დაკავებას ღიად პრო-რუსული ძალები ცდილობენ. ჯერ იყო და ადრე უცნობმა „ევრაზიულმა ინსტიტუტმა“ შეკრიბა ნომენკლატურული ინტელიგენცია და რუსეთის სიყვარული აფიცებინა; შეკრების ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზა: „მივცეთ პუტინს შესაძლებლობა, რომ თავისი შეცდომა მოინანიოს“. მერე შევარდნაძის უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ „კრასავჩიკ“ გიორგაძემ, რუსულ ტელეაუდიტორიას ახარა: „2-3 წელიწადში საქართველოს ვეღარ იცნობთ, ისეთი პრორუსული გახდებაო“. ბოლოს კი, პოლიტიკური ბუკი და ნაღარაც შემოკრეს. ერთიმეორის მიყოლებით, პრორუსული პოლიტიკური ძალების შექმნის თაობაზე განაცხადეს მოსკოვიდან სპეცმივლინებით ჩამოსულმა შევარდნაძის კიდევ ერთმა ყოფილმა უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ, მოსკოვიდან ჩამოუსვლელად, რუსეთისთვის დამაშვრალმა ასლან ჰუსეინის-ძე აბაშიძემ და მოსკოვიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებულმა, მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმის თვითგამოცხადებულმა ნათლიამ, ლევან ვასაძემ.

რა შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს ეს ტენდენცია?

შესაძლოა, ჩვენ ვართ მოწმენი პოლიტიკური ველის ე.წ. ხელახალი ფორმატირების მცდელობისა, რომლის საბოლოო მიზანი ბ-ნი ივანიშვილის მთავრობის უფრო მკვეთრი პრორუსული ორიენტაცია ან ხელისუფლებაში ღიად პრორუსული ძალების მოყვანაა. ამ სცენარის (პირობითად, მას „მოსკოვის სცენარი“ ვუწოდოთ) თანახმად, პრორუსული პოლიტიკური ჯგუფები იქმნებიან, როგორც „ქართული ოცნების“ სატელიტები. მათი ამოცანა არა „ქართული ოცნებისადმი“ ოპონირება, არამედ მასთან მოკავშირეობა, მის ელექტორალურ ველზე თამაში და თავის დამკვიდრებაა; ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, და, შესაბამისად, დასავლეთის, დემონიზება ამ ტაქტიკის ორგანული ნაწილია. ამ პროცესის პარალელურად, ბ-ნ ივანიშვილზე ძლიერდება ზეწოლა პრორუსული პოზიციებიდან და „ქართული ოცნების“ შიგნით პროდასავლური ელემენტების შევიწროება.

მოვლენათა ამგვარი განვითარება გარკვეულ ეტაპამდე ემთხვევა თვით ბ-ნი ივანიშვილის პროექტს, რომლის ტაქტიკური მიზანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარგინალიზაცია, ხოლო სტრატეგიული მიზანი ათობით სუსტი პოლიტიკური მოთამაშის შექმნაა. გაიხსენეთ 1992-1995 წლების პარლამენტი, ოცამდე პარტიული ფრაქციით, რომლის ერთი დეპუტატი პირს იკერავდა, მეორე მიკროფონებს ამსხვრევდა, მესამე წყალს ასხამდა სპიკერატს, ხოლო თავად სპიკერი „ერთმანეთთან ჩახუტების“ ფილოსოფიას ქადაგებდა? ამგვარ პარლამენტში მთავრობას „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბებდა, თავის პარტნიორებთან ერთად, ხოლო ყველა დანარჩენი პარტია იმით იქნებოდა კმაყოფილი, რომ პარლამენტშია წარმოდგენილი. დაქსაქსული პოლიტიკური მოედნის ჩამოყალიბების შემდეგ, ბ-ნი ივანიშვილი სამუშაოდ „სამოქალაქო საზოგადოების ლიდერის“ თანამდებობაზე „გადადის“ და იმ პოზიციიდან კიდევ დიდხანს აგრძელებს პოლიტიკური ვითარების მართვას.

საქმე ის არის, რომ ფრაგმენტირებული პარლამენტისა და მის მიერ ჩამოყალიბებული სუსტი მთავრობის პირობებში, მოვლენები შეიძლება წარიმართოს არა ისე, როგორც ეს ბ-ნ ივანიშვილს წარმოუდგენია. დაქსაქსული პარლამენტისა და სუსტი მთავრობის პირობებში პრინციპულად შეუძლებელი გახდება სტრუქტურული რეფორმების გატარება. ეკონომიკური დაღმასვლა დაჩქარდება. მთავრობას სულ უფრო მეტად გაუჭირდება გაზრდილი სოციალური ვალდებულებების შესრულება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება და ინფრასტუქტურული პროექტების გაყინვა გაზრდის უმუშევრობას. კიდევ უფრო გამწვავდება სოციალური პრობლემები. ქვეყანა დაიწყებს ტივტივს გვიანდელი შევარდნაძის ეპოქის მსგავსი ტოტალური კორუფციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების კოლაფსისკენ. ჰორიზონტზე გამოიკვეთება სოციალური ამბოხის კონტურები. სწორედ ამ მომენტში, ბ-ნი ივანიშვილის მთავრობის წარუმატებლობების კვალდაკვალ, პრორუსული პარტიები, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ ელემენტებთან ერთად, ხელს შეუწყობენ სახალხო უკმაყოფილების ესკალაციას, ხოლო, როდესაც უკმაყოფილების მუხტი, მათი აზრით, კრიტიკულ მასას მიაღწევს, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვისა და დასავლური რევერანსების გარეშე შესთავაზებენ ამომრჩეველს „ძმურ ერთა ოჯახში“ დაბრუნებას. მათი რიტორიკით, „რეფორმებითა და კონტრრეფორმებით, დასავლურობით თუ ნახევრად-დასავლურობით, პოლიტიკოსების გაუთავებელი კინკლაობით გადაღლილი საქართველო იქით სთხოვს რუსეთს შველას და ყველანაირ ევრაზიულ გაერთიანებებში წევრობას“. ბ-ნ ივანიშვილთან ერთად ან მის გარეშე.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე ამოწურა შერჩევითი მართლმსაჯულების რესურსი. მაგრამ მაინც, საკონსტიტუციო ცვლილებების სარეიტინგო კენჭისყრამ ერთგვარი მნიშვნელოვნად შეცვალა საპარლამენტო გამარჯვებით გამოწვეული ეიფორიული განწყობა. როდესაც პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და პროპაგანდისტული მანქანით დატრიალებული ბოლი გაიფანტა, გამოჩნდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ეროვნული მასშტაბის პოლიტიკური ორგანიზაცია, ცოცხალია. თუ 19 აპრილის აქცია წარმატებით წარიმართა, ეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ძლიერ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას მისცემს. ბ-ნი ივანიშვილი ამას არ შეიძლება არ ხედავდეს.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბ-ნი ივანიშვილი სულ უფრო კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ მისი პროექტის განხორციელების შანსები მცირდება. უფრო მეტიც, და აქ, ერთი შეხედვით, პარადოქსულ ჰიპოთეზამდე მივდივართ, შესაძლოა, ბ-ნ ივანიშვილს ესმოდეს, რომ ძლიერი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მის სასიცოცხლო ინტერესებშიც შედის. არა იმდენად ძლიერი, რომ მომავალ არჩევნებში მის პოზიციებს დაემუქროს, მაგრამ, საკმარისად ძლიერი საიმისოდ, რომ ის პრორუსული ფლანგებიდან დაიცვას. ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენად „მოახერხებს“ ბ-ნი ივანიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოქცევას ამ პროკრუსტეს სარეცელში. ერთი კი ცხადია, რომ, როგორც მას ამას საქართველოს მეგობრები თავიდანვე ურჩევდნენ, მისი პოლიტიკური მომავალი გაბედულ რეფორმებზე და ძლიერ, პასუხისმგებელ და დასავლეთთან ფართო კავშირების მქონე ოპოზიციაზე გადის. ოპოზიციაზე, რომელიც დაუპირისპირდება რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის შეთრევის მოწოდებებს.

როგორი უნდა იყოს პატრიოტული და პროდასავლური ძალებისა და საზოგადოების ტაქტიკა შექმნილ ვითარებაში? ფართო კოალიციის მშენებლობა და საჯარო დისკურსი, რომელიც დასავლური და დემოკრატიული განვითარების უპირატესობებს წარმოაჩენს.

ვინ შეიძლება დაიმკვიდროს თავი ამ ახალ კოალიციაში? სტუდენტურმა, ახალგაზრდულმა და ქალთა ორგანიზაციებმა, კულტურულმა გაერთიანებებმა, უფლებადაცვითმა ჯგუფებმა, ეროვნული მოძრაობის პატრიოტულმა ლიდერებმა და პარტიებმა, არასაპარლამენტო ოპოზიციის პატრიოტულმა ნაწილმა. გარდა ამისა, ჩნდება ნიშა ახალი ლიბერალურ-დემოკრატიული და სეკულარული პარტიის შექმნისათვის, რომელიც უპირატესად ახალგაზრდა ურბანული მოსახლეობისა და საშუალო ბიზნესის ინტერესებს დაეფუძნება. შესაძლოა, ამ კოალიციაში საკუთარი თავი „ქართული ოცნების“ პროდასავლურმა ელემენტებმაც იპოვონ.

ახალი საზოგადოებრივი დისკურსის წრეს დასაქმება, ინვესტიციები, ახალი ტექნოლოგიები, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოება, სოციალური მობილობა, სადაზღვევო ჯანდაცვა, ანტიკორუფციული სისტემები, განათლება, კრიმინალთან ბრძოლა, სოციალური დაცვა და მდგრადი ენერგეტიკა განსაზღვრავს.

მოსკოვი კატა-თაგვობანას თამაშს განაგრძობს: ღვინოს შევუშვებთ, ბორჯომს არაო, დღეს საქართველოს პატრიარქს ვუმასპინძლებთ, ხვალ კი „აფხაზეთის ეკლესიის“ წარმომადგენლებსო, ჯერ ბ-ნ აბაშიძეს შევხვდებით, მერე კი კრემლში ზარ-ზეიმით „აფხაზეთის პრეზიდენტს“ მივიღებთო, დაუგეგმავ სამხედრო წვრთნებს ჯერ შავ ზღვაში ჩავატარებთ, მერე – პირდაპირ ოკუპირებულ აფხაზეთშიო, და თუ მოგვინდა, საოკუპაციო ხაზს საქართველოს სიღრმეში გადმოვწევთო. გზავნილი ნათელია, მოსკოვს სურს „საქართველო ნაწილ-ნაწილ კი არა, მთლიანად“.

ბ-ნ ივანიშვილს კარგად უნდა მოეხსენებოდეს, თუ რა ხდება, როდესაც პოლიტიკურ წესრიგს პუტინი ამყარებს. მაგალითად ის, თუ რა ხდება პოლიტიკით დაინტერესებული ოლიგარქების თავს. მათ არჩევანის თავისუფლებას აძლევენ. არჩევანისა ხოდორკოვსკისა და ბერეზოვსკის ბედს შორის.

მეხუთე კოლონას ხუთი ნომერი სჯობს. ბ-ნი ივანიშვილისთვის და საქართველოსთვის.

 

 

 

კომენტარები