19 აპრილის აქცია

მერაბიშვილი: მოვუწოდებ ღარიბაშვილს, თავი დაანებოს პოლიციაში კუდიანებზე ნადირობას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, Facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, პოლიციაში "კუდიანებზე ნადირობის" ნაცვლად, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნოს. 
"მე ვამაყობ, რომ გარკვეული წვლილი მიმიძღვის ახალი ქართული პოლიციის შექმნაში, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში საამაყოდ იქცა ჩვენი ქვეყნისთვის და სამაგალითოდ ჩვენი მეზობლებისთვის. სამწუხაროდ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დაკომპლექტება ძირითადად მოხდა ნაცნობობის, პირადი ლოიალობის და ნათესაობის ნიშნით. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ პოლიცია უნდა დარჩეს აპოლიტიკურ ორგანიზაციად, ემსახუროს მოსახლეობას და შეინარჩუნოს ის წარმატებები, რომლებსაც მან რეფორმის შედეგად მიაღწია. მოვუწოდებ სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას, თავი დაანებოს პოლიციაში "კუდიანებზე ნადირობას" და ნაცვლად ამისა გადაერთონ კრიმინალთან ბრძოლაზე და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაზე. მე იმდენად მიყვარს ქართული პოლიცია, რომ უბრალოდ არ ვაკადრებ მას პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვას", - აცხადებს მერაბიშვილი.
აღნიშნული განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, გაზეთ ქრონიკაში გამოქვეყნებული ინტერვიუს საპასუხოდ გააკეთა. ქრონიკის ჟურნალისტთან საუბარში შს მინისტრი 19 აპრილის აქციაზე საუბრობს და რამდენიმე პოლიციელის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციაზე ამახვილებს ყურადღებას.  
"შეიძლება, მერაბიშვილს ჰგონია, რომ მაგრად მუშაობს და ღრმა კონსპირაციას იცავს, მაგრამ იშიფრებიან მისი აგენტები. მაგალითად, ერთ ძალიან საინტერესო ინფორმაციას გეტყვით, - როგორც მითხრეს, 19 აპრილს აპირებენ, რომ რამდენიმე მოქმედი პოლიციელი მიიყვანონ მერაბიშვილის მასკარადზე, მე მათი სახელები და გვარები ვიცი. მათი გეგმის მიხედვით, რამდენიმე მხარდამჭერი პოლიციელი (რომლებიც ან მათი ნათესავები არიან, ან მეგობრები, თქვენ იცით, რომ ვანო მერაბიშვილის ნათესავები დღემდე მუშაობენ სამინისტროში) მივა 19 აპრილს აქციაზე. ისინი დემონსტრაციულად გაიხდიან პოლიციელის ფორმას, ამოიღებენ პოლიციელის საბუთს და დახევენ", - აცხადებს ღარიბაშვილი და იქვე ახსენებს პოლიციელებს, რომ კანონით მათ პოლიტიკურ მანიფესტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ.  
მინისტრი მოუწოდებს იმ პოლიციელებს, ვისაც 19 აპრილის აქციაში აქვთ გადაწყვეტილი მონაწილეობის მიღება, ხვალვე წავიდნენ სამინისტროდან.
"მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ნუ შეწუხდებიან, თუ მისვლა უნდათ, მივიდნენ, ოღონდ მათ ვურჩევ, მუნდირი არ შეარცხვინონ, ღირსება არ დაკარგონ, ასეთ უღირს სპექტაკლში მონაწილეობას ნუ მიიღებენ, მიუხედავად მათი ვალდებულებებისა ყოფილი ხელმძღვანელობის მიმართ. ეს არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა საკუთარი თავის, მუნდირის, პოლიციელის ღირსების, თუ მათ მსგავს სასაცილო სპექტაკლში მონაწილეობა საბოლოოდ აქვთ გადაწყვეტილი, მოვუწოდებ, ხვალვე დაწერონ პატაკი და წავიდნენ სამინისტროდან, რადგან პოლიცია არის თავისუფალი პოლიტიკისგან. გარდა ამისა, კანონით არის განსაზღვრული, რომ პოლიციელისთვის დაუშვებელია, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მანიფესტაციაში. ის პოლიციელები, ვინც ამ სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას აპირებენ, დაფიქრდნენ გადაწყვეტილების მიღებამდე!", - განაცხადა ღარიბაშვილმა ქრონიკასთან ინტერვიუში.
მისი ინფორმაციით, გარკვეული ძალები აქციაზე შეეცდებიან ისე მოიქცნენ, რომ პოლიცია იძულებული გახდეს ძალა გამოიყენოს. მაგრამ მინისტრი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას კარგი პრევენციული გეგმა აქვს შემუშავებული და ყველა რისკი მინიმუმამდე აქვს დაყვანილი.
"მებრძვიან, მაგრამ მათ მთავარი არ იციან. გინდათ, გითხრათ, რა არის მთავარი? მე ბრძოლა უფრო მაძლიერებს", - აღნიშნავს ღარიბაშვილი.

კომენტარები