NDI

NDI-ის კვლევა: სამუშაო ადგილები კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 72% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. გასული წლის ნოემბერში თავს დაუსაქმებლად 67% თვლიდა. ამასთან 72%-დან, 48% სამუშაოს ეძებს, 6% კი დაინტერესებულია სამუშაოს პოვნით, თუმცა ამჟამად არ ეძებს. 

ამასთან ერთად, საქართველოს მოსახლეობის 61%-ისთვის სამუშაო ადგილები ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად რჩება. ტერიტორიული მთლიანობა ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი 34%-ისთვისაა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა კი 32%-ისთვის, სიღარიბე 25%-ისთვის, რუსეთთან ურთიერთობა კი 18%.

მოსახლეობის უმრავლესობა ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და საპენსიო რეფორმებს თვლის. 

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს, 15 აპრილს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში წარმოადგინა. კვლევა ქვეყნის მასშტაბით, 13-27 მარტის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით 3,103 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2.5%-ს შეადგენდა. კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა და იგი შვედეთის განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული. წინა კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2012 წლის ნოემბერში წარმოადგინა.

კომენტარები