NDI

NDI: მოსახლეობის 37%-ის აზრით, პატიმრების გათავისუფლება საზოგადოებაზე უარყოფითად იმოქმედებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 49%-ისთვის პატიმრების გათავისუფლება მისაღები იყო, 37%-ისთვის კი მიუღებელი. ამასთან ერთად, მოსახლეობის 37% აცხადებს, რომ პატიმრების გათავისუფლებას უარყოფითი შედეგი ექნება საზოგადოებაზე, 24% თვლის, რომ ამნისტიას დადებითი გავლენა ექნება, 23% კი აცხადებს, რომ პატიმრების გათავისუფლებას საზოგადოებაზე არანაირი გავლენა არ ექნება.  

მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც პატიმრების გათავისუფლებას დადებით მოვლენად აფასებს, აცხადებს, რომ ამნისტია აუცილებელი იყო სამართლიანობის აღსადგენად (26%), 26% მიიჩნევს, რომ პატიმრები უდანაშაულოები იყვნენ და მათი გათავისუფლება ამიტომ იყო აუცილებელი, პატიმართა წამებას ამნისტიის მთავარ მიზეზად 21% ასახელებს. 

მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც პატიმრების გათავისუფლებას უარყოფითად აფასებს, აცხადებს, რომ ამნისტია კრიმინალის ზრდას გამოიწვევს (87%). 

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს, 15 აპრილს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში წარმოადგინა. კვლევა ქვეყნის მასშტაბით, 13-27 მარტის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით 3,103 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2.5%-ს შეადგენდა. კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა და იგი შვედეთის განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული. წინა კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2012 წლის ნოემბერში წარმოადგინა.

კომენტარები