საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოიტანა განაჩენი, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ

საქართველოს პრემიერ მინისტრმა უკვე გამოიტანა განაჩენი, რომ ომი ჩემმა მთავრობამ დაიწყო, განუცხადა პოლონეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის კოლეჯის სტუდენტებს. პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილის ორი დღის წინანადელი განხცადება გაიხსენა, რომელშიც პრემიერი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებაზე საუბრობდა. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის უკვე განაჩენი გამოტანილი აქვს.

"წარმოიდგინეთ, 1939 წელს სექტემბერში გერმანიის ინტერვენციის შემდეგ, ვინმე რიგითმა პოლონელმა პოლიტიკოსმა კი არა, პოლონეთის ხელისუფლების თავკაცმა განაცხადოს, რომ ჩვენ ვიყავით დამნაშავე საბჭოთა კავშირის შემოჭრაში, ჩვენ მოვახდინეთ მათი პროვოცირებაო. ასეთი განცხადება, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია, თუმცა არა ჩემთვის, რადგან ეს ჩემს ქვეყანაში ხდება. პირადად მეც უნდა დამკითხონ, თუმცა ახლა საკითხი მე არ მეხება. როცა ასეთი განცხადება კეთდება, ეს არ შეიცავს დემოკრატიული კოჰაბიტაციის ნიშნებს. თუმცა, ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ როცა ქვეყნის ლიდერი, რომლის ტერიტორიებიც დაპყრობილია, იმავეს აცხადებს, რასაც - დამპყრობელი, იმეორებს ოკუპანტის პროპაგანდას და აცხადებს, რომ ის, ვინც წინააღმდეგობა გაუწია დამპყრობელს, დამნაშავეა და საბოლოოდ უნდა გასამართლდეს. ალბათ ხვდებით, რომ საბჭოეთის გადმონაშთია," განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის ომის გამოძიება რუსეთის ბაზარზე ღვინის დაბრუნებაზე გაცვალა. მისი თქმით, ეს ნათლად ჩამოაყალიბა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც განაცხადა, რომ „გამოიძიეთ ვინ წამოიწყო ომი, რომლის დაწყებაშიც პასუხისმგებელი თქვენი ლიდერაო და სანაცვლოდ ტერიტორიებს კი არ დაგიბრუნებთ, ვაჭრობას აღვადგენთ – თქვენს ღვინოს რუსეთში გავყიდით და წითელი არმიის სასიმღერო გუნდს გამოგიგზავნითო“.

პრეზიდენტმა სტუდენდებთან საქართველოში „კომუნიზმის საფრთხის“ შესახებაც ესაუბრა. სააკაშვილის თქმით, არჩევნებში გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელმაც ხალხს უთხრა რომ მუშაობა საჭირო არ არის და მათ სახელმწიფო შეინახავს.

შეხვედრას ესწრებოდა ევროპარლამენტის წევრი, ევროპის კოლეჯის რექტორი და უნივერსიტეტის დამფუძნებელი საბჭოს პრეზიდენტი იაცეკ ვოლსკიც. პრეზიდენტის ოფიციალური ვებ გვერდის ცნობით, ვოლსკიმ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა. ვებ გვერდის ცნობით, ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ თუ საქართველოში არ მოხდება მიღწეული წარმატების და გატარებული კურსის შენარჩუნება, გამორიცხული არ არის საქართველო ვილნიუსის სამიტზე ასოციერების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გარეშე დარჩეს.

"წლების განმავლობაში საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და პროევროპული ქვეყანა, უკვე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გზაზეა და აქვს ამბიცია, გაწევრიანდეს ნატო-ში. საქართველო გამოირჩეოდა დემოკრატიული რეფორმებითა და ეკონომიკური ინდიკატორებით, იყო მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის. მოქმედი პოლიტიკური ვითარება პროცესის განგრძობადობის თვალსაზრისით წუხილს იწვევს,"  განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები