ჯანდაცვის სამინისტრო

1 წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა სოფლის ექიმს დაეკისრა

ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტზე, პასუხისმგებლობა სოფლის ექიმს დაეკისრა და მას ლიცენზია 4 თვით შეუჩერდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მინისტრის განცხადებით, გოგიტა აბაშიძე დაუბალანსებელი კვების შედეგად გარდაიცვალა. სერგეენკომ ბავშვის გარდაცვალების ფაქტი, ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემას დაუკავშირა.

''გარდაცვალების ფაქტი უკვე შესწავლილია. პასუხისმგებლობა დაეკისრა სოფლის ექიმს, რომელსაც 4 თვით შეუჩერდა ექიმის ლიცენზია და ასევე დაეკისრა კვალიფიკაციის ამაღლება'', - აღნიშნა სერგეენკომ. 

მისი თქმით, სოფლის ექიმის პროექტი კარგად არის დაწერილი, ''მაგრამ მისი ნახევარი არ სრულდება''. სერგეენკომ სოციალურ მუშაკებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ, თუმცა ფაქტთან დაკავშირებით, ბავშვის გარდაცვალებამდე განგაში არ აუტეხავთ. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტი პირველი არ არის და  მსგავსი შემთხვევა 2012 წლის დეკემბერში საგარეჯოს რაიონშიც დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, 1 წლის გოგიტა აბაშიძე 23 მარტს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი მძიმე მდგომარეობის შესახებ 21 მარტს გავრცელდა. ერთი წლის ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია.

კომენტარები