საქართველოს პრემიერმინისტრი

ივანიშვილი მიესალმება, თუ სააკაშვილი მთავრობის დათხოვნის უფლებას გამოიყენებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის მიესალმება, თუ მიხეილ სააკაშვილი მთავრობის დათხოვნის უფლებას გამოიყენებს.

"ზედმეტ სპეკულაციას და კრიტიკას თავი დაანებონ. თუ უმცირესობის ლიდერ პრეზიდენტს არ მოსწონს ახალი ხელისუფლება, მას აქვს უფლება,  დაითხოვოს მთავრობა და თუ ახალ მთავრობას პარლამენტი არ დაუმტკიცებს, პარლამენტიც დაითხოვოს. მათ ახლა კარგი დრო დაუდგათ. მივესალმებით, თუ პრეზიდენტი ამ უფლებას გამოიყენებს. ვკითხოთ საზოგადოებას და ჩვენი ხელისუფლების მიმართ კრიტიკას საზოგადოება უპასუხებს. პრეზიდენტს მითვისებული უფლებები ჩამოერთვა და პოლიტიკური სტაბილურობა დადგა ქვეყანაში. ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის შიში აღარ აქვს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ივანიშვილის თქმით,  მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმაც, რომელზეც პარლამენტი ამჟამად მუშაობს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში სასამართლო რეალურად დამოუკიდებელი გახდება. 

"ოპოზიცია სიცრუით ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სასამართლო სისტემას დავშლით, ქვეყანას დავაქცევთ. სინამდვილეში, ეს რეფორმა თავსებადობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ევროსტრუქტურებთან", - აღნიშნა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

კომენტარები