საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი საზოგადოებას სთხოვს, თამბაქოსა და ალკოჰოლზე კონტროლის გამკაცრებას გაგებით მოეკიდოს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას საზოგადოებას თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებაზე კონტროლის დაწესებაზე გაგებით მოკიდება სთხოვა.

"კაფეებსა და რესტორნებში გახშირდა მოზარდების მიერ ალკოჰოლის გამოყენების მაგალითები. საზოგადოებას ვთხოვ, ამას გაგებით მოეკიდოს. ღვინის ქვეყანა ვართ, ვიცით ღვინის გამოყენება, თუმცა მოზარდებში ალკოჰოლის გამოყენებაზე კონტროლის გამკაცრება აუცილებელია. რაც შეეხება მწეველებს, მათ დავეხმარებით, რომ მოწევაზე უარი თქვან. გაიზრდება ისეთი ადგილების ოდენობა, სადაც სიგარეტის მოწევა აიკრძალება. წუთში 10 ადამიანი იღუპება სიგარეტის გამოყენებით. სიკვდილის 10 შემთხვევიდან 7-ში მონაწილეობს სიგარეტი", - განაცხადა პრემირემა. 

მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა მაღალი არტერიული წნევით სიკვდილიანობის მხრივ.
 ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის შემდეგ მთავრობამ ერის განვითარებაზე უნდა იზრუნოს. 

"ბოლო წლებში მოსახლეობა იკლებს. ამის ერთ-ერთი მიზეზია მიგრაცია, სიკვდილიანობის ზრდა და შობადობის შემცირება. ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ მოვახერხოთ და ჯანმრთელი ერი შევინარჩუნოთ, გავზარდოთ მოსახლეობა და 21-ე საუკუნეში ჯანმრთელი და განათლებული საზოგადოება შევქმნათ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

კომენტარები