საქართველოს პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: ჩვენმა საჯარისო დანაყოფებმა მოქმედება მანამდე დაიწყეს, სანამ რუსეთი გადმოვიდოდა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან  შეხვედრისას აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ მოვლენების დროს საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტის მეთაურობით არაადეკვატურად მოიქცა. მისი თქმით, ომის თემა დღემდე ბურუსითაა მოცული და მისი გამოძიება არ დააზიანებს არც წინა ხელისუფლებისა და არც პრეზიდენტის იმიჯს.

"მე არ მინახავს თეა წულუკიანის განცხადება. მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება და არ მიმიქცევია ყურადღება. ომის თემა ბურუსით არის მოცული დღემდე. ობიექტური ფაქტებით, სიმართლით უნდა ვიცხოვროთ. რეალობაზე უნდა იყოს დაფუძნებული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. მე პირადად ბევრი შეკითხვები მაქვს. მეც ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლება, პრეზიდენტის მეთაურობით არაადეკვატურად მოიქცა იმ სიტუაციაში. გაუმართლებლად მიმაჩნია, რომ საჯარისო ნაწილები მზადყოფნაში მოვიდა და დაიწყეს საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთმა გადმოლახა საზღვარი. გაურკვეველი ბანდფორმირებები ისროდნენ და ჩვენი პრეზიდენტისა და ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად ადეკვატური იქნებოდა საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა და მონიტორინგი. ეს პროცესი შესაძლებელი იყო ამ დონეზე დასრულებულიყო. მე ვუყურებდი ყველა სატელევიზიო გამოშვებას და არაფერი სასწაული არ მომხდარა. ერთ-ერთი ნაღმტყორცნი შევარდა ერთ-ერთ სახლში და რაღაც კედელი დააზიანა, არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. საკმარისი იქნებოდა სოფლიდან მაქსიმუმ 100 მაცხოვრებლის გაყვანა და საჯარისო შენაერთების ჩაყენება. ერთადერთი სწორი ნაბიჯი ალბათ საერთაშორისო თანამეგობრების მოწვევა იყო. ჩემთვის გაურკვეველია, რატომ გაკეთდა ასეთი რამ, რაც ჩემში კითხვებს იწვევს. აგვისტოს ომის გამოძიება არ დააზიანებს არც საქართველოს, არც წინა ხელისუფლების და არც პრეზიდენტის იმიჯს. ტალიავინის ჯგუფის ჩანაწერებიდან ევროპას სულ სხვა წარმოდგენა აქვს, ხოლო წინა ხელისუფლება საქართველოში სულ სხვა ინფორმაციას ავრცელებს", - განაცხადა პრემიერმა. 
რაც შეეხება აღნიშნულ თემაზე პრეზიდენტის დაკითხვას, როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, სასამართლოს წესით პრეზიდენტის დაკითხვა კულტურული ფორმაა.

"მე ისეთივე განწყობა გამაჩნია, როგორც გუშინ განვაცხადე, რომ საზოგადოებამ მაქსიმალური კულტურა უნდა გამოიჩინოს. უკულტურობაში არ შედის სასამართლოს წესით პრეზიდენტის გასამართლება და მისთვის კითხვების დასმა. ძალიან ბევრ ევოპულ ქვეყანაში მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტი დაუკითხავთ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს განცდა, რომ წავლეკოთ, მივანგრიოთ და რაღაც ახალი ამბოხი გამოვიწვიოთ. სასამართლოს წესით პრეზიდენტის დაკითხვა კულტურული ფორმაა და თუ ეს საჭირო გახდა, პრეზიდენტი ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. ეს არის ევროპული და მსოფლიო ცივილიზაციის ნორმალური მეთოდი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები