9 აპრილი

ივანიშვილი: უნდა მოვახერხოთ და მესამე პრეზიდენტს კულტურულად მოვექცეთ

პრემიერ ივანიშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი მესამე პრეზიდენტს კულტურულად უნდა მოექცეს, რადგან წინა ორის შემთხვევაში, თავისუფლებისთვის ბრძოლას კულტურა შეეწირა.

"ჩვენ 1989 წლის 9 აპრილს მოვახერხეთ, გვეჩვენებინა ქართული ხასიათი, რომ ვართ თავისუფლებისაკენ მსწრაფველი ხალხი და ამ გზისკენ ვერაფერი შეგვაჩერებს. შემთხვევით არ ვიყავით პირველები, ვინც თავისუფლებისათვის სისხლი დაღვარა და თავი გასწირა. ამ პროცესიდან ორი წლის შემდეგ მოვახერხეთ თავისუფლების აღდგენა, მაგრამ მოვახერხეთ ისიც, რომ დღეს ჩვენი პირველი პრეზიდენტი ცოცხალი არ არის და თქვენ იცით, ჩვენი ისტორიის ბედისწერა როგორც განვითარდა. ამის შემდეგ ვიცით, როგორ მოვექეცით მეორე პრეზიდენტს, ახლა მესამის ჯერია და უნდა მოვახერხოთ, რომ კულტურულად მოვიქცეთ. ჩვენ თავისუფლებისკენ სწრაფვის გარდა, კულტურა უნდა ვაჩვენოთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა.

დღესვე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც პარლამენტის წევრებთან ერთად პრემიერიც იღებდა მონაწილეობას.

ივანიშვილის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმოწერა 1991 წელს გმირობის ტოლფასი იყო, რადგან საბჭოთა იმპერია ყველაფერზე იყო წამსვლელი და წავიდა კიდეც - 1989 წლის 9 აპრილით. ივანიშვილმა პატივი მიაგო ზვიად გამსახურდიას და უზენაესი საბჭოს იმ წევრების ხსოვნას, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან.

ღონისძიებაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.  

 

 

კომენტარები