9 აპრილი

საქართველოს მთავრობა 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობამ, 9 აპრილის თარიღთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. განცხადებას ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:

''24 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან. 24 წლის წინ, აპრილის დღეებში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველის პროსპექტი ხალხით გადაიჭედა. ეს იყო მშვიდობიანი, მაგრამ თავგანწირული ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ყველა თაობა გააერთიანა. ჩვენი ხალხი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა, შიშველი ხელებითა და სიმღერით დაუხვდა კბილებამდე შეიარაღებულ მომხვდურს. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია უსასტიკესი დარბევითა და აუნაზღაურებელი მსხვერპლით დასრულდა.

ეს დღე თანამედროვე საქრთველოს ისტორიაში ქართველის ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა. ხალხის თავდადებულმა ბრძოლამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეალებისათვის უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში - ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

ჩვენი თანამემამულეების თავდადებას, სამშობლოსათვის დაღვრილ სისხლს უკვალოდ არ ჩაუვლია. დღეს საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფოა. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ჩვენს გმირებს, ყოველთვის პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და იმ იდეალების ერთგული დავრჩებით, რომლებსაც მათ შესწირეს თავი", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

კომენტარები