საზოგადოება

უძლურთა იმედები

ჩვეული სამი განზომილების მიღმა ხედვის განვითარებისთვის ბრტყელი სამყაროს მეტაფორაა პოპულარული. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ არსებები, რომლებიც გადაადგილდებიან სიბრტყეზე, მაგრამ ვერ აღწევენ სივრცეში, ვერც აცნობიერებენ ჩვენი, გაცილებით დიდი სივრცითი სამყაროს არსებობას. თუ ჩვენ მათ სამყაროს დავაზიანებთ, ცვლილებების მიზეზს ალბათ ვერასდროს მიხვდებიან.

სწორედ ბრტყელი სამყაროს მცხოვრებლებს ჰგავს რუსეთთან ურთიერთობების მომრავლებული ანალიზები. საუბარია იმ ექსპერტების, განსაკუთრებით კი ქართველი ექსპერტების მოსაზრებებზე, რომლებიც ახერხებენ, თბილისსა და მოსკოვს შორის განვითარებული მოვლენები მთლიანად ქართული მხარის მოქმედებების ჭრილში განიხილონ.

წარმოდგენა, თითქოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მოქმედებების სცენარი მთლიანად ქართული მხარის პოლიტიკაზე იყო დამოკიდებული, მეტისმეტად პრიმიტიულია. ქართული მხარის როლი კრემლის მოქმედებებში შეგვიძლია განვიხილოთ ჰიპოთეზების დონეზე. უტყუარი კი ისაა, რომ სიტუაციაზე კონტროლი იყო და არის მეტწილად ძლიერის, ანუ რუსეთის ხელში.

რეალისტური შეფასებები წარმოუდგენელია წინა ათწლეულში საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვების გარეშე. რა ხდებოდა ჩრდილოეთსა და დასავლეთში 2000-იანების ქართული ვნებათაღელვის პარალელურად? რუსეთში იმპერიალისტური იდეების წინა პლანზე წამოწევა; ჩეჩნური წინააღმდეგობის საბოლოოდ გატეხვა; პუტინის ღია განცხადებები, რომ გარდაუვალია შურისძიება აშშ-ის მიერ კოსოვოს აღიარებისთვის; განცხადებები, რომ საჭიროა საბჭოთა გავლენის ზონის აღდგენა და შენარჩუნება; დუმაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პროექტზე აქტიური, მრავალწლიანი მუშაობა; არაფორმალური აღიარება, როგორც დიდი ხნის შემდგარი ფაქტი (საკმარისია გავიხსენოთ ხშირი ოფიციალური დონის ვიზიტები – მარიონეტული რეჟიმების ლიდერების მიღებები მოსკოვში და პირიქით); ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასპორტების გაცემა; სამხედრო წვრთნები; ღია უკმაყოფილება და მუქარები NATO-ს გაფართოების პერსპექტივასთან დაკავშირებით; საერთაშორისო პოლიტიკაში ბუშის მთავრობის პოზიციების შესუსტება; ნარინჯისფერი რევოლუციის ფაქტობრივი მარცხი.

ამ ფონზე, შეიძლება მხოლოდ გაუბედავად ვივარაუდოთ, რომ ქართული მხარის მოქმედებების როლი გადამწყვეტი იყო კრემლის მიერ სოხუმისა და ცხინვალის ფორმალური აღიარებისთვის. მინიმუმ არანაკლებ რეალისტურია ვერსია, რომ ეს იყო დროის, ხელსაყრელი სიტუაციის გამოჩენის ამბავი. ოფიციალური აღიარების საბაბი მრავალგვარი შეიძლება ყოფილიყო: თუნდაც NATO-ში ინტეგრაციის კუთხით რეალური წინსვლა.

ზემოთქმული არ ნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკა არ შეიძლება ყოფილიყო უფრო პრაგმატული. პრეზიდენტ სააკაშვილის სპონტანური, ექსცენტრული გამოსვლები და ასეთივე საკადრო პოლიტიკა შორსაა იმისგან, რასაც ოპტიმალური შეიძლება ვუწოდოთ. იმის მიუხედავად, თუ რამდენად გარდაუვალი იყო ომი, შესაძლებელი იყო 2008 წელს პიარის თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე აღმოჩენაც.

მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების ხარვეზები თვისობრივად არ ცვლის გეოპოლიტიკურ სურათს: ძირითადი აქტორების ინტერესებსა და ძალთა ბალანსს. სპეკულაციები თემაზე „NATO-სკენაც უფრო სწრაფად გვევლო და რუსეთიც არ გაგვეღიზიანებინა”, ცოტა არ იყოს, წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ რუსეთთან კონფლიქტმა გაგვირთულა NATO-ში ინტეგრაცია. მეორე მხრივ, ვერავინ უარყოფს, რომ NATO-სთან რეალური დაახლოება ვერ ჩაივლიდა რუსეთის ღია აგრესიის გარეშე. ამ საკითხზე კრემლის პოზიცია იყო და არის არაორაზროვანი. NATO-სკენ სწრაფვა თავისთავად იყო რუსული აგრესიის გამძაფრების ძირითადი საბაბი.

რეალურად, შეგვიძლია ორი ურთიერთგამომრიცხავი სცენარის განხილვა: ან NATO-სკენ სწრაფვა, ან რუსული გავლენის მიღება და ჩრდილოელ მეზობელთან პირისპირ დარჩენა. სად მიგვიყვანდა მეორე სცენარი, ზუსტად ვერ ვიტყვით. თუმცა, ცხადია, რომ არ გვაქვს რაციონალური საფუძველი, გვჯეროდეს, თითქოს ამ გზით დეოკუპაციას მივაღწევდით. საქართველოს რუსეთთან ერთი-ერთზე ზემოქმედების კიდევ უფრო ნაკლები ბერკეტი აქვს, ვიდრე NATO-სთან პარტნიორობის შემთხვევაში.

სამაგიეროდ, რუსეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიები იყო და არის საქართველოზე ზეგავლენის მთავარი ინსტრუმენტი. ეს კიდევ უფრო მიამიტურს ხდის ვარაუდს, რომ კრემლთან „მეგობრობით” აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიიღწეოდა თვისობრივი პროგრესი, არათუ სრული დეოკუპაცია. მაგალითისთვის, პროგრესი არ ჩანს მოლდოვაშიც, სადაც სიტუაცია, პირველი შეხედვით, ქართულზე ბევრად მარტივია და რუსეთთან მკვეთრი დაპირისპირება არ მომხდარა. „უკეთეს” შემთხვევაში, კონფლიქტები ალბათ გაყინულ მდგომარეობაში დარჩებოდა, აღიარების პერსპექტივა კი კვლავ შეასრულებდა დამოკლეს მახვილის ფუნქციას. საქართველოს მოქალაქეებს ეს სოხუმის პლაჟთან ან სამაჩაბლოს მთიან პეიზაჟებთან ოდნავაც არ დააახლოებდა.

ამავდროულად, კრემლთან მეგობრობის სცენარში, საქართველო ბევრად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა დასავლეთთან კავშირებისა და რეფორმების კუთხით. ნათელია ზოგიერთი რეფორმის წარუმატებლობა და სიმყიფე. თუმცა, რუსეთის სატელიტისთვის წარმოუდგენელია ის მიღწევებიც, რაც გვქონდა: იქნება ეს მნიშვნელოვნად გამარტივებული ბიუროკრატია, პოლიცია წვრილმანი მექრთამეობის გარეშე, შესუსტებული ქურდული სამყარო თუ ინფრასტრუქტურისთვის მეტ-ნაკლებად მიზნობრივად დახარჯული რესურსები (დავუშვათ, თუნდაც, სანახევრო ეფექტურობით).

არ უნდა მოგვატყუოს დასავლეთში კრემლის ვერსიების პოპულარულობამაც. ცხადია, იმ პოლიტიკური წრეებისთვის, რომელთათვისაც პრიორიტეტია პუტინის არგაღიზიანება, საქართველოს მიერ „დანაშაულის” საკუთარ თავზე აღება ხელსაყრელია. ჩვენ არავინ დაგვიწყებს გადარწმუნებას ჩვენი თვითგვემის საპასუხოდ. მეტიც, „აღმოსავლური კვლევების” სტუდენტები ევროპასა და ამერიკაში დარწმუნებულნი არიან, რომ „სტალინმა გაყო ოსეთი ჩრდილოეთად და სამხრეთად”. და აღარც კარელიის ფინურობა ახსოვს ბევრს. ცხადია ისიც, რომ რუსეთის პიარ-რესურსი ქართულს მრავალჯერ აღემატება. ოღონდ, საკითხავია, რას აძლევს საქართველოს კრემლის პიარ-თეზების ფაქტებად მიღება და გავრცელება.

ერთადერთი, რისი საფუძვლიანი იმედიც შეიძლება კონფლიქტების მოგვარების კუთხით გვქონდეს, ისევ დასავლეთიდან რუსეთზე ზეწოლისთვის ხელსაყრელი „ვარსკვლავთა განლაგებაა”. ასეთი ვითარებით საქართველომ რომ ისარგებლოს, კავშირების რეალურად შენარჩუნებაა საჭირო. კრემლთან დაახლოების პროცესში კი, ძნელი წარმოსადგენია, არ გაჩნდეს ულტიმატუმები დასავლური კავშირების თაობაზეც.

უკვე ნათელია, რომ ახალი ხელისუფლების მიერ კურსის ცვლილება ვერ შემოიფარგლა საგარეო ასპარეზზე კოსმეტიკური შესწორებებით. არჩეული კურსი ვერ აღიწერება ოპტიმისტი მედასავლეთეების წინასაარჩევნო ფორმულირებით: „ვიქნებით მაქსიმალურად დიპლომატიურები, თვისობრივი დათმობების გარეშე”. მეტიც: რუსეთის აგრესიის უარყოფასთან შეგუება, კრემლის ბინადრებთან დემონსტრაციულად მაამებლური ურთიერთობა, განსაკუთრებით კი შიდა ასპარეზზე პრორუსული განწყობების აქტიური ხელშეწყობა „ბალანსირების” სცენარშიც ვერ თავსდება. თუკი საგარეო მანევრები თეორიულად შეიძლება გავამართლოთ დიპლომატიით, საკუთარი საზოგადოების კულტურულად, ინფორმაციულად და ეკონომიკურად ყოფილ მეტროპოლიაზე დამყნობა მხოლოდ კოლონიურ მდგომარეობაში დაბრუნების სურვილით თუ აიხსნება.

შეგვიძლია ვიოცნებოთ, რომ მოსკოვთან დაახლოების გზით ოდესმე ოკუპირებულ ტერიტორიებსაც შევიერთებთ. ოღონდ, თუ კრემლის იდეოლოგთა შეხედულებებს დავეყრდნობით, ამისთვის საჭირო ახლობლობა იმდენად ინტიმური იქნება, რომ ვეღარ გავიგებთ, აფხაზეთი შეერწყა საქართველოს, თუ საქართველო – კრასნოდარის ოლქს.

 

კომენტარები