რუსეთის ბაზარი

სურსათის სააგენტო: ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი ღიაა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისთვის რუსული ბაზარი ღიაა. სააგენტოს ცნობით, მოსკოვში ქართული დელეგაციის ვიზიტი წარმატებით დასრულდა და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. 

შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ქართულმა მხარემ რუსულ მხარეს სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული ვითარება, ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა და ის ღონისძიებები გააცნო, რომელსაც სააგენტო სურსათის უვნებლობის კუთხით სრული კონტროლის განსახორციელებლად სამომავლოდ გეგმავს. 

თავის მხრივ, რუსულმა მხარემ ქართულ დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია იმ მოთხოვნებისა და რეგულაციების შესახებ, რომელიც ამჟამად რუსეთში მოქმედებს და სავალდებულოა ნებისმიერი ქვეყნიდან იმპორტის განსახორციელებლად.

"ძირითადად საუბარია რუსეთის კანონმდებლობის გათვალისწინებით, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული სერტიფიკატების შესაბამისობაში მოყვანაზე. ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობის პროცესი ძალიან მალე დასრულდება და ქართული პროდუქცია შეუფერხებლად შევა რუსეთის ბაზარზე. რუსულ მხარეს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს - საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქცია რუსეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს", - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

კომენტარები