საკვირაო ქადაგება

ილია II: სამშობლო დიდი საიდუმლოებით მოცული რამეა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას სამშობლოს სიყვარულის თემას შეეხო.

პატრიარქიმა აღნიშნა, რომ ქვეყნა მრავალი პრობლემის წინაშე დგას, რადგან გარდამავალ პერიოდშია.

"როგორ დამთავრდება ეს გარდამავალი პერიოდი, არავინ იცის და ჩვენ მაინც და მაინც ნაკლებად ვიწუხებთ თავს და ვფიქრობთ, რომ სხვამ უნდა გააკეთოს, სხვამ უნდა იშრომოს, მე კი უნდა ვჭამო, - აი ასეთი დამოკიდებულებაა დღეს. მე მინდა შევეხო ერთ საკითხს, რა არის სამშობლო. ეს დიდი საიდუმლოებით მოცული რამეა. ყოველი ჩვენგანი არის ნაწილი სამშობლოსი, ეს არის ადამიანის გული, ეს არის ადამიანის გონება. ყოველი ჩვენი ფიქრი უნდა ემსახურებოდეს სამშობლოს, რადგან ჩვენი ფესვები აქ არის და ჩვენ თუ დავკარგავთ ჩვენს კავშირს წინაპრებთან, ჩვენს კულტურასთან, სარწმუნოებასთან, მამულთან, ყველაფერი დაიკარგება. ამიტომ მე ძალიან მაკვირვებს ის, რომ ძალიან ხშირად ჩვენი თანამემამულეები ფიქრობენ თავის თანამდებობაზე, თავის შემოსავალზე, თავის ბედნიერებაზე და ნაკლებად ფიქრობენ სამშობლოზე", - ბრძანა ილია II.

პატრიარქმა რამოდენიმე წლის წინ შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიხსენა.

"ის მეუბნებოდა, რომ ჩვენს პარლამენტში ოპოზიცია არ გვყავსო. მაშ როგორ ცხოვრობთ მეთქი? ყველა ვაკეთებთ სამშობლოს საქმეს და ყველა სამშობლოს ვემსახურებით და ის გვაძლევს ჩვენ ყველაფერს რაც საჭიროაო. მე ძალიან მაკვირვებს, როდესაც ჩვენი პარლამენტის წევრები ამბობენ – ეს ეკუთვნის უმრავლესობას, ეკუთვნის უმცირესობას. გვავიწყდება, რომ ჩვენს სულთან დგას სამშობლო და ჩვენს სულთან არის ის საოცარი რამ, რომელიც თუ დაიკარგება, ყველაფერი გაქრება. ჩვენ აღარ ვიარსებებთ, ჩვენ გავითქვიფებით რომელიმე ერში. ამიტომ სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც თვალის ჩინს. ის კი არ უნდა ვიფიქროთ, რომელ პარტიას ვეკუთვნით. ნამდვილი ერთი პარტია გვაქვს ჩვენ, ეს არის სამშობლო, ეს არის ჩვენი ხალხი. ჩვენ უნდა დავინახოთ, ვის უჭირს და ვის ულხინს", - ბრძანა პატრიარქმა.

 

 

კომენტარები