აღდგომა

კათოლიკეებს, სომეხ ქრისტიანებსა და ლუთერული ეკლესიის მრევლს აღდგომას ულოცავენ

დღეს, 31 მარტს, მთელი კათოლიკური სამყარო, ლუთერანული ეკლესია და სომხეთის წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. 
საქართველოს პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, მიხეილ სააკაშვილის 3 მილოცვა გამოქვეყნდა. სააკაშვილი კათოლიკეებს, სომხებსა და ლუთერანული ეკლესიის მრევლს აღდგომას ულოცავს. 
"ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ კათოლიკე მრევლს საქართველოში და დიდი მოწიწებით აღვნიშნავ იმ ისტორიულ წვლილს, რომელიც კათოლიკე ქართველებმა ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და, ზოგადად, ჩვენი კულტურის განვითარების მხრივ შეიტანეს. შეუფასებელია კათოლიკე მისიონერთა ღვაწლი ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, რომლებმაც საქართველო გააძლიერეს, როგორც ევროპული სამყაროს განუყოფელი ნაწილი. გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებასა და ჩვენი სამშობლოს წინსვლას", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
სომხეთის წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მიმართვაში   მიხეილ სააკაშვილი ქართველთა და სომეხთა ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას.  
"დასაფასებელია ქართველთა და სომეხთა ძმობა, რომელიც გამორჩეულია არა მარტო ქრისტიანულ ცივილიზაციაში, არამედ კაცობრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. საქართველოს სომხური თემი ყოველთვის განსაკუთრებული თავდადებით იღვწოდა ჩვენი საერთო სამშობლოს კეთილდღეობისთვის", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
პრეზიდენტი სააკაშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ლუთერანული ეკლესიის მრევლსაც ულოცავს და აღნიშნავს, რომ ლუთერანული ეკლესიის მრევლი მრავალკონფესიური საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
კათოლიკეებს
და სომეხ ქრისტიანებს საქართველოს პრემიერმინისტრიც ულოცავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პრემიერი ივანიშვილის მილოცვის წერილები გამოქვეყნდა. 

კომენტარები