

გურამ ოდიშარია აცხადებს, რომ მისთვის უცნობია როგორ მოხვდა ეს წერილი გია ხუხაშვილის ხელში. თუმცა, აღნიშნა, რომ ამაში დანაშაულებრივი არაფერია, რადგან ამ წერილს გრიფი საიდუმლო არ ედო.
ამ თემასთან დაკავშირებით გუშინვე გავრცელდა გრიგოლ ვაშაძის კომენტარი. მისი თქმით, დოკუმენტი კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროება დაუშვებელი იყო. ვაშაძე აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს, რათა დადგინდეს ვისი ბრძანებით გაიცა დოკუმენტი კულტურის სამინისტროდან საჯარო პირზე.
საქართველოს ვიცეპრემიერი და განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გრიგოლ ვაშაძეს პასუხობს და მას საკუთარი პასპორტის გადაშლას ურჩევს.
"მინდა ვუთხრა ყოფილ "დვაჟდი" მინისტრს, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, როგორ ბედავს საუბარს იმაზე, რომ გია ხუხაშვილზე საქმე უნდა აღიძრას, ეს ძალიან კომიკურია. ვურჩევ გაიხსენოს იგი ამ წერილით სხვა ქვეყნის კულტურის მინისტრსაც კი არ წერდა, რადგან ჯიბეში რუსეთის პასპორტი ედო. ასე რომ, ვიდრე სხვაზე დაიწყებდეს საუბარს, თავისი პასპორტი გადაშალოს", - აღნიშნა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.





