შს მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში, ევროპის საბჭოში გაემგზავრა. შსს-ს ინფორმაციით, ხვალისთვის დაგეგმილია შეხვედრები - ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან ვოიჩეკ სავიცკისთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების გენერალურ დირექტორთან ფილიპ ბოიასთან, ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის ჯგუფის აღმასრულებელ მდივანთან პატრიკ ფენიქსთან და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებთან.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს წარომადგენლებს, შსს-ში გატარებულ რეფორმებს გააცნობს და ხელს მოაწერს რიგ დოკუმენტებს: დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების, კონფისკაციისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას; კორუფციაზე სისხლის სამართლის კონვენციის დამატებით ოქმს; სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მეორე დამატებით ოქმს.

ზემოთჩამოთვლილი ოქმების ხელმოწერის ვალდებულება, ქართულ მხარეს, ევროკავშირთან სავიზო დიალოგის სამოქმედო გეგმის თანახმად დაეკისრა. 

კომენტარები