საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: საქართველოში იმის საშუალება მაინც არის, რომ შიმშილით სიკვდილის პრობლემა არ იდგეს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გამართა.

პრეზიდენტის თქმით, ''საქართველოში იმის საშუალება მაინც არის, რომ შიმშილით სიკვდილის პრობლემა არ იდგეს''. მისივე თქმით, მან პრეზიდენტის სასახლეზე, მწუხარების ნიშნად, დროშის დაშვების განკარგულება გასცა. 

"გოგიტა აბაშიძის სიკვდილი არის დიდი ტრაგედია. გავეცი განკარგულება, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ჩვენი მწუხარების ნიშნად დროშა დაუშვან. ამავდროულად, ეს გაკვეთილი უნდა იყოს ყველა ჩვენგანისთვის, რათა ყველამ ერთად ვიმუშაოთ, რომ მომავალში რაიმე მსგავსი თავიდან ავიცილოთ და საქართველოს ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს დავეხმაროთ. გაჭირვება არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მტერი. თუ ყველანი ერთად დავდგებით, ჩვენ ამ მტერს აუცილებლად დავამარცხებთ და ამ პრობლემას გადავლახავთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა უკიდურესად გაჭირვებულების სახელმწიფო დახმარების პროგრამაზეც ისაუბრა, რომელიც მისი პრეზიდენტობის პირველ წლებში ამოქმედდა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამის მუშაობით ბოლომდე კმაყოფილი არასოდეს ყოფილა. 

" ბათუმში რამდენიმე პირს პასუხი ვაგებინეთ, რომ ეს პროგრამა სათანადოდ არ ხორციელდებოდა. ბევრი სირთულე წარმოიქმნა ახალი მთავრობის პირობებში ამ მიმართულებით. ძალიან ბევრი ოჯახი არასათანადო ყურადღების გამო უმძიმეს პირობებშია და დარჩენილია ამ პროგრამის მიღმა. ვინმეს კონკრეტულად დადანაშაულება სწორი არ იქნებოდა, თუმცა, მოვუწოდებ მინისტრებს, ნუ ისხდებით კაბინეტებში, იარეთ ოჯახ-ოჯახ, შეისწავლეთ გაჭირვებული ოჯახების პრობლემები. 21-ე საუკუნეში შიმშილით არავინ უნდა კვდებოდეს. საქართველოში იმის საშუალება მაინც არის, რომ შიმშილით სიკვდილის პრობლემა არ იდგეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

კომენტარები