საქართველოს პარლამენტი

ხმალაძე: სარეიტინგო კენჭისყრა მართებულად არ მიგვაჩნდა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობდა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ ხმალაძის თქმით ქართულ ოცნებას სარეიტინგო კენჭისყრა მართებულად არ მიაჩნდა, თუმცა სხვა გზა არ არსებობდა. მისი თქმით, მმართველი გუნდი სარეიტინგო კენჭისყრის აუცილებლობას ვერ ხედავდა, რადგან ისედაც ნათელი და გაცხადებული იყო, რომ ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მიიღებდა. ამის შესახებ ხმალაძემ ტელეკომპანია რუსთავი ორის ეთერში განაცხადა. 

ხმალაძემ იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში ახალი ცხოვრება დაიწყება და დაპირისპირების ხარისხი შემცირდება.

"ვიმედოვნებ, ხვალ, ზეგ და შემდგომ პერიოდში დაპირისპირების ხარისხი შემცირდება, რომ მსჯელობა კანონმდებლობასა და სხვა საკითხებზე წარიმართება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ მიგვაჩნია, რომ სწორია, მხარი უნდა დავუჭიროთ. ამ შეთანხმებამ თავშეკავების საფუძველი უნდა გააჩინოს და უნდა ვეცადოთ, მხარი დავუჭიროთ სწორ გადაწყვეტილებას და არ მოვიქცეთ ჯიბრით მხოლოდ იმიტომ, რომ ის მეორე მხარის მიერ არის ინიცირებული," - განაცხადა ხმალაძემ. 

კომენტარები