საკონსტიტუციო ცვლილებები

დიმიტროვი: მივესალმებით თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კომენტარი გააკეთა დიმიტროვის თქმით, ევროკავშირი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს მიესალმება.

"ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებულ სირთულეებს არ ველოდები. თუ უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები კარგია, ხოლო უმცირესობა მიიჩნევს, რომ ეს მათი იდეა იყო, ვფიქრობ, მოინახება საერთო ენა. ეს, საბოლოო ჯამში, სამომავლო პროცესებს ეხება და პოზიტიურია. ამავდროულად მესმის, მნიშვნელოვანია, ცვლილებები ისე განხორციელდეს, რომ ჩანდეს, საქართველოში პოლიტიკური პროცესები ნორმალურად ვითარდება. მივესალმებით თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს. თანამდებობის პირებს ირჩევენ იმისთვის, რომ მათ მართონ ქვეყანა. თუმცა, ხელისუფლება ქვეყანას მართავს მათთვისაც, ვინც მას მხარი დაუჭირა და მათთვისაც, ვინც მისი მოწინააღმდეგე იყო. ამიტომ კარგი იქნება, თუ დროდადრო მოინახება მექანიზმები, რომელიც აჩვენებს ერთიანობას საქართველოში. თუ ვიხილავთ, რომ პოლიტიკური პარტიები ამ ცვლილებებს მხარს უჭერენ, კმაყოფილი ვიქნებით, რადგან დავინახავთ, რომ საქართველო ვითარდება იმ გზით, როგორითაც მას სურს", - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

ევროკავშირის ელჩმა ვილნიუსის სამიტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ''საქართველო სამიტისგან საოცრებებს არ უნდა დაელოდოს''.

"ასეთ ღონისძიებებზე უფრო ხშირად წინ წამოწეულია ის ნაკლოვანებები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია. თუმცა ის ასევე შესაძლებობას იძლევა, აღნიშნოს წინსვლაც, რომელიც არსებობს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თითოეულ ქვეყანასთან მიდგომა ინდივიდუალურია, სწორედ ამიტომ, აღნიშნულ სამიტზე გაკეთებული შეფასებები მნიშვნელოვანია. ის ქვეყნები, ვინც მიიჩნევა, რომ დადებით ცვლილებებს ახორციელებენ, როგორც წესი, დადებითად ფასდება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია რას აკეთებ, თუმცა მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იქნება ეს აღქმული", - აღნიშნა დიმიტროვმა.

ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებს, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის 2012 წლის ანგარიშიც წარუდგინა, სადაც ნათქვამია, რომ  ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ურჩევს. ასევე ''გააუმჯობესოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში''.

"გაააქტიუროს სეპარატისტული რეგიონების მიმართ ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება და გააუმჯობესოს კონფლიქტის მოგვარება დე-ფაქტო ხელისუფლებებთან თანამშრომლობის გზების გამონახვისა და ფინანსური რესურსების მოძიების საშუალებით, პრაგმატული და კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ვაჭრობის, გადაადგილების და ინვესტირების წახალისების მიზნით, ასევე ცვლილებები შეიტანოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში", -ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები