საკონსტიტუციო ცვლილებები

უსუფაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებები ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის გარეშე ვერ გავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის გარეშე ვერ გავა და, შესაბამისად, სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს.

"მინდა, განვმარტო ყველასთვის, თუ რა მდგომარეობაა პარლამენტში. დღევანდელი მდგომარეობით, პარლამენტში არის 147 წევრი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდება სულ მცირე 100 ხმა. უმცირესობის რიგებში დღევანდელი მდგომარეობით ირიცხება პარლამენტის 53 წევრი, შესაბამისად, შეკითხვაზე, რა შემთხვევაში იქნება მიღებული კონსტიტუციური ცვლილებები, განვმარტავ - კონსტიტუციური ცვლილებები მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს დაუჭერენ ნაციონალური მოძრაობაში დღევანდელი მდგომარეობით რიცხული პარლამენტის წევრები. ამიტომ, საკითხზე, სარეიტინგო გამოკითხვა უნდა ჩატარდეს იმის გასარკვევად, საკონსტიტუციო ცვლილებები გადის თუ ვერ გადის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა მხარდაჭერის გარეშე, ჩემი პასუხი ასეთია - ცვლილებები ვერ გავა, რადგან 147 მინუს 53 არის 100-ზე ნაკლები. ამას მათემატიკა გვეუბნება, შესაბამისად, სრულიად გარკვეულია ეს საკითხი. ეს არ არის პოლიტიკური, არამედ არითმეტიკაზე დამყარებული პასუხი", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილის ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობამ დადებითად შეაფასა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, უსუფაშვილის განცხადება წინგადადგმული ნაბიჯია.

"მივესალმები ახალ რიტორიკას, რომელიც დღეს გაჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში, რომელმაც პირდაპირ დააფიქსირა, რომ უმრავლესობას არ გააჩნია საკმარისი ხმები, რომ ოპოზიციის გარეშე მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს რიტორიკა მკვეთრად განსხვავდება ყველაფერი იმისგან, რაც გვესმოდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როდესაც უმრავლესობის ხაზი იყო, რომ მათ არ სჭირდებათ კონსულტაცია, რომ უჩვენოდ ეს ცვლილებები მაინც გავა. ეს არის ნამდვილად სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და იმედი მაქვს, სწორი მიმართულებით მოჰყვება ხვალ გაგრძელება და ეს გაგრძელება იქნება სარეიტინგო კენჭისყრის სახით, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს ამ საკითხზე განსხვავებულ აზრებს. ამასთან, ორივე მხარეს საშუალებას მოგვცემს შეთანხმების, რათა ერთმანეთის პატივისცემის რეჟიმში მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რმა მოძ­რა­ო­ბამ მზა­დყოფნა გამოთქვა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბისთვის მხარდასაჭერად, მა­ნამ­დე კი სა­რე­ი­ტინ­გო კენ­ჭის­ყრის ჩა­ტა­რე­ბას მოით­ხოვა, რომელიც გან­საზ­ღვრავდა თუ რამ­დე­ნი ხმა აქვს უმ­რავ­ლე­სო­ბას და რამ­დე­ნი აკ­ლია სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად.

კომენტარები