ჟენევის მოლაპარაკებები

პაატა ზაქარეიშვილი: ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის ცვლილება გამორიცხული არ არის

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი შეიცვალოს. მისი თქმით, აფხაზი და ოსი წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ ფორმატის ცვლილებაზე, რათა მათ რაღაც ტიპის აღიარება ჰქონდეთ. თუმცა, მინისტრის თქმით, ის ფორმატის ცვლილების აუცილებლობას ჯერ ვერ ხედავს და საჭიროა, გაირკვეს რა შეიძლება მიიღოს საქართველომ ამ ცვლილებიდან.

"ჟენევაში არის სხვადასხვა დამოკიდებულება. პირველ რიგში, ეს ჟღერდება აფხაზი და ოსი მონაწილეების მხრიდან. მათგან არის მცდელობები, რომ ფორმატი შეიცვალოს. მათი ამოცანაა, რაღაცნაირად სტატუსი შეიძინონ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ფორმატის ცვლილებებზე ზოგადად ლაპარაკი გამორიცხული არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რატომ არის საჭირო ეს. ჩვენი პრინციპი ასეთია - ჩვენც გვაქვს გარკვეული კითხვები ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატთან. ვხედავთ, რომ შედეგები ისეთი არ არის, როგორიც შეიძლება აწყობდეს, როგორც ქართულ მხარეს, ისე - ზოგადად მონაწილეებს. ჩვენ გვაინტერესებს, რა შედეგებს მოგვიტანს ფორმატის შეცვლა. მაგრამ, ვიდრე ჩვენ ვერ ვხედავთ ფორმატის შეცვლის აუცილებლობას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ აფხაზი და ოსი მონაწილეების მხრიდან სურვილი თავისი სტატუსის ამაღლების. ჩვენ კატეგორიულ არას არ ვამბობთ, მაგრამ, როგორც წინა ხელისუფლება ცდილობდა, არ ვეძებთ მიზეზებს, რატომ ვთქვათ არა. მაგრამ ჩვენ ვეძებთ გამოსავლებს, რათა ვთქვათ - დიახ. ეს დიახ კი უნდა ითქვას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე", განაცხადა მინისტრმა.

ზაქარეიშვილმა არაღიარების პოლიტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, გაჩნდა შანსი, რომ ქვეყნებმა, რომელთაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს, აღიარება უკან წაიღონ. ამის მაგალითად მინისტრმა ვანუატუ დაასახელა. თუმცა მისივე თქმით, ვანუატუს ახალი პოზიცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.  

კომენტარები