გათავისუფლება

საია: საჯარო რეესტრის თანამშრომლებს არ ეკრძალებათ პოლიტიკური შეხედულებების ქონა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ საჯარო რეესტრის გათავისუფლებული თანამშრომლების მიმართ "საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევები" გამოვლინდა. 
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 მარტს, საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურიდან სამი თანამშრომელი - იმედო არჯევანიძე, მანანა ნატროშვილი და მუხრან ბურჭულაძე გაათავისუფლეს. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ სამსახურში მისვლისთანავე გამოუცხადეს, რომ ისინი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღარ მუშაობდნენ.  
"უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთ გათავისუფლებულ პირს სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება ამ დრომდე არ ჩაბარებია. შესაბამისად, ჩვენთვის შეუძლებელია ზუსტად შეფასდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა", - ნათქვამია საიას მიერ დღეს, 19 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში, თუმცა ორგანიზაცია იქვე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ჯანდიერის მედიით გაკეთებული კომენტარები იძლევა.
მედიასთან საუბარში დავით ჯანდიერმა ერთ-ერთ გათავისუფლებულ პირთან - მუხრან ბურჭულაძესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 17 თებერვალს, იუსტიციის მინისტმა მას თავად გაუგზავნა გაფრთხილების წერილი, რომელშიც წულუკიანი ბურჭულაძეს თავშეკავების და კორექტულობის გამოჩენას და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას სთხოვდა. 
საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული წერილი, "არ შეიძლება ჩაითვალოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად - გაფრთხილებად, ამასთან, აღნიშნული მოწოდების შეუსრულებლობა არ შეიძლება გამხდარიყო თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჯარო რეესტრის თანამშრომლებს არ ეკრძალებათ პოლიტიკური შეხედულებების ქონა, ამა თუ იმ პოლიტიკური გაერთიანებების მხარდაჭერა ან აღნიშნულის თაობაზე საჯაროდ განცხადებების გაკეთება". 
დავით ჯანდიერმა ასევე განაცხადა, რომ იმედო არჯევანიძისა და მანანა ნატროშვილის გათავისუფლებას იუსტიციის მინისტრი თავდაპირველად არ თანხმდებოდა, თუმცა მოგვიანებით წულულიანმა აზრი შეიცვალა, მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ ისინი სხვა თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ. 
"საია შეახსენებს ყველას, რომ გაფიცვის უფლება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით და საქართველოს შრომის იმ კოდექსითაც კი, რომელიც, საყოველთაო აღიარებით, დასაქმებულთა უფლებების დაცვის დაბალ სტანდარტს აწესებს. ამ უფლების გამოყენება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის კანონმდებლობით არ არის შეზღუდული, შესაბამისად, მოწოდება გაფიცვისაკენაც არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე სახის სამართალდარღვევად", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
საია ასევე აცხადებს, რომ იმ თანამდებობის გათვალისწინებით, რომელსაც საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებული პირები იკავებდნენ, მათი სამსახურიდან დათხოვნის საკითხში იუსტიციის მინისტრი არ უნდა ჩარეულიყო.

კომენტარები