NATO და საქართველო

ალექსანდრე ვერშბოუ: საქართველომ ბუქარესტის სამიტზე მკაფიო გზავნილი მიიღო, რომ NATO-ს წევრი გახდება

თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პერსპექტივები "ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის" პანელში განიხილეს. მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ელჩი  კურტ ვოლკერი, მონტენეგროს პრემიერმინისტრი მილო დუკანოვიჩი და გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რუპრეხტ პოლენზი. 
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერშბოუს თქმით, ალიანსის გაფართოებას "NATO-ს დღის წესრიგში მთავარი ადგილი უკავია". 
"მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება: "საქართველოს უნიკალური სტატუსი აქვს. ამ ქვეყანამ ბუქარესტის სამიტზე მკაფიო გზავნილი მიიღო, რომ NATO-ს წევრი გახდება". მისივე თქმით, ალიანსი მხარს უჭერს და მიესალმება საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას", - ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ ალექსანდრე ვერშბოუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და მთავრობასა და ოპოზიციას შორის კოჰაბიტაციის გამოწვევებზე ისაუბრა.  NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს წვლილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ამ ქვეყანას ბევრი მსხვერპლიც ჰყავს".
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამაც. მან  ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე,  რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე, ოკუპირებული ტერიტორიებისა და ISAF-ის მისიაში მონაწილეობის შესახებ ისაუბრა. 

კომენტარები