პრემიერი

ივანიშვილი აგრარულ უნივერსიტეტზე: თითქოს მარტო ერთი კაცის ბრძოლა იყო ეს

პრემიერმა ივანიშვილმა საკუთარ გუნდს, აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებული მოვლენების დროს, მინისტრი მარგველაშვილისთვის არასათანადო მხარდაჭერის გამოხატვის გამო უსაყვედურა.

"ძალიან არ მომეწონა ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობა, მათ შორის არც ჩვენი გუნდის. ნახეთ, როგორ ერთ მუშტად შეიკრნენ "ნაციონალები", უტიაშვილიც გაჩნდა იქ და სხვებიც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილს გუნდის წევრთა დუმილი ეწყინა: "პარლამენტის განათლების კომიტეტსაც კი ხმა არ ამოუღია, თითქოს მარტო ერთი კაცის ბრძოლა იყო ეს... მარგველაშვილი ნაწყენია ობიექტურად... ფეისბუქზეც არ აფიქსირებდა საპარლამენტო უმრავლესობა პოზიციას".

პრემიერმა კანონის უზენაესობაზე დასვა აქცენტი და საზოგადოებას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა: "კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს, ყველასთვის ერთნაირად უნდა აღსრულდეს კანონი, თუკი ეს სახელმწიფოა და ასე მიაჩნიათ ჩვენს ოპონენტებს, ოპონენტებს იმიტომ ვუწოდებ, რომ ბენდუქიძე ერთ-ერთი იდეოლოგია წინა ხელისუფლების და ამას არც მალავს ეს კაცი", - განაცხადა პრემიერმა.

ივანიშვილმა მოუწოდა სტუდენტებს, არ მოემსახურონ "ვიღაცის იდეოლოგიას" და "არ ითამაშონ სხვისი თამაში" - "მარგველაშვილი არის საჩვენებელი მინისტრი ჩვენი. ის მაშინვე შეხვდა სტუდენტებს... სტუდენტები განიხილება თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოდ და ვიღაცის იდეოლოგიას და ინტერესებს არ უნდა მოემსახურონ... ჩვენ არ გვეშინია მიტინგების, მიტინგების ეშინია სააკაშვილს".

პრემიერმა პირობა დადო, რომ არცერთი სტუდენტი არ დაზარალდება: "გამოსავალი არის იმაში, რომ კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი და მისაღები".

ივანიშვილი ამტკიცებს, რომ წინა ხელისუფლების დროს "პრივილეგირებული კლანი" არსებობდა, რომლისთვისაც ცალკე წერდნენ კანონებს. პრემიერს აქვს კითხვები, თუ როგორ აღმოჩნდა კახა ბენდუქიძე საქართველოში სხვადასხვა ობიექტის მფლობელი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. პრემიერი ასევე ამტკიცებს, რომ ის თავადაც შესწრებია ფაქტს, როდესაც პრეზიდენტმა კახა ბენდუქიძეს უსაყვედურა ტელეფონით, რომ საქართველოში ყველა კარგი შენობის დაპატრონება სწორედ ბენდუქიძეს სურდა.

 

კომენტარები