სასამართლო რეფორმა

წულუკიანი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა აუცილებლად შეიცვლება

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  შემადგენლობის ცვლილების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ცვლილებას ვენეციის კომისიაც ეთანხმება, თუმცა წინააღმდეგობის შემთხვევაშიც, რეფორმა მაინც განხორციელდებოდა. 

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა აუცილებლად შეიცვლება და ძალიან მოკლე დროში გვეყოლება საბჭოს აბსოლუტურად ახალი შემადგენლობა“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ცვლილებების პაკეტს პროგრესი მოსდევს, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას ევროპულ სტანდარტებთან აახლოებს.

„ვენეციის კომისია ეთანხმება იმას, რომ პრეზიდენტს აღარ ჰყავდეს იქ წევრები, რომ დეპუტატები აღარ იყვნენ იუსტიციის საბჭოში და ეთანხმება იმასაც, რომ არ შეიძლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კორპუსს წარმოადგენდეს მხოლოდ და მხოლოდ თავმჯდომარეები, გამომდინარე იქიდან, რომ რვა მოსამართლე წევრიდან ექვსი წევრი თავმჯდომარეა, ეს თავმჯდომარეები უნდა შეიცვალონ“, - განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის შესახებ სპეციალური განცხადება უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმაც გაავრცელა. მისი თქმით, ყველა საკამათო საკითხი, რომელიც სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის არსებობდა, ვენეციის კომისიამ სასამართლოს პოზიციის შესაბამისად ასახა დასკვნაში. 
„მისასალმებელია ის გარემოება, რომ ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა შენიშვნები და თავის დასკვნაში მიუთითა, რომ “სასამართლო ხელისუფლების მომავალი ფუნქციონირებისა და ორგანიზაციული საკითხების შემუშავების დროს საკანონმდებლო უფლებამოსილების გამოყენებისას პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უწყვეტობას“.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის ამოქმედება ავტომატურად არ უნდა იწვევდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძველი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ამ ცვლილების ამოქმედება, ახალი მთავრობის ან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისთვის არასასურველი შემადგენლობის საკონონმდებლო ცვლილებების გზით შეცვლის გაუმართლებელ და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელმყოფ პრეცედენტს შექმნიდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები