მთავრობა

საქართველოს მთავრობამ ორ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს მთავრობამ ორ ლობისტურ უცხოურ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი. ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა. 
როგორც ბერუჩაშვილმა განმარტა, კომპანიების საქმიანობის ძირითადი მიზანი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა იქნება. მისივე თქმით, კონტრაქტები 6-თვიანია. 
''ერთი კომპანიაა კამბრე, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში მუშაობს. მისი ოფისი არის ბრიუსელში, მისი მთავარი მიზანი იქნება საქართველოს მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავება, ასევე არასამთავრობოებთან, მედიასთან, ბიზნესწრეებთან ურთიერთობა და ამ მიზნით ამ კომპანიის ჰონორარი თვეში განისაზღვრება 40 ათასი ევროს სახით. რაც შეეხება მეორე კომპანიას, ეს არის პატონ ბოქსი. მისი მიზანია საქართველოს მთავრობისთვის ხელშეწყობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობაში, NATO-ში ინტეგრაციის კუთხით, კონგრესთან კომუნიკაციის კუთხით, ასევე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მედიასთან ურთიერთობა და ბიზნესწრეებთან ურთიერთობა და ეს კომპანია ამ საქმიანობის განხორციელებაში ჰონორარის სახით თვეში 90 ათას დოლარს მიიღებს'', - განმარტა თამარ ბერუჩაშვილმა. 

კომენტარები