დაყადაღება

კაზინო აჭარის მოძრავი ქონება დაყადაღდა

კაზინო აჭარის მოძრავი ქონება დაყადაღდა. ქონების დაყადაღება ფიზიკური პირის, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივა ჩიღვინაძის სარჩელის საფუძველზე მოხდა.

ივა ჩიღვინაძე აცხადებს, რომ კაზინოში წილი უკანონო გზით ჩამოართვეს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური აქტივობა დაიწყო. ჩიღვინიძე ამ საქმეში დავით კეზერაშვილსა და ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს ადანაშაულებს. 

"2009 წელს კაზინო აჭარასთან სესხის ხელშეკრულება გავაფორმე, რის საფუძველზეც კაზინოს მეწილე გავხდი. ამავე წელს გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში შევედი, რასაც ჩემზე და ჩემს გარემოცვაზე დარტყმები მოჰყვა. აჭარის მაშინდელი მფლობელი თემურ უგულავა აცხადებს, რომ კეზერაშვილმა და კოდუამ აიძულეს, რომ ჩემთან კონტრაქტი დაერღვია და თიბისი ბანკში არარსებულ, ვითომ ჩემს ანგარიშზე გადაერიცხა ჩემ მიერ კაზინოში შეტანილი ფული'', - აცხადებს ჩიღვინაძე. 

აღნიშნულთან დაკავშირებით კაზინო აჭარამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.  

''2009 წლის 31 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება შპს კაზინო აჭარის 100% წილის ნასყიდობის შესახებ. ნასყიდობის ფასი შეადგენდა 12 მილიონ აშშ დოლარს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად იქნა შესრულებული მყიდველი მხარის მიერ. ხელშეკრულებით გამყიდველ მხარეს უშუალოდ წარმოადგენდა ფიზიკური პირი - თეიმურაზ უგულავა, რომლის 100%-იან საკუთრებაში სამეწარმეო რეესტრის თანახმად იმყოფებოდა გასაყიდი კომპანია. ხელშეკრულების თანახმად, ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც კომპანიას - შპს კაზინო აჭარას აღმოაჩნდება და შეეხება გადაცემამდე არსებულ პერიოდს და ეს გარემოება არ იქნება ცნობილი მყიდველი მხარისათვის, გამყიდველი - იგივე თემურ უგულავა იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული ვალდებულებების შესრულებაზე. მყიდველისთვის ხელშეკრულების გაფორმების და ასევე შემდგომ პერიოდში, არ ყოფილა ცნობილი ბ-ნ ივანე ჩიღვინაძესთან არსებული რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ'', - ნათქვამია განცხადებაში.

აღსრულების ბიუროს მიერ, ამ ეტაპზე, კაზინო აჭარის 500-ზე მეტი სახის მოძრავი ქონებაა დაყადაღებული. 

კომენტარები