საქართველოს პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა პოლიტიკური უმწიფრობაა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედს ინტერვიუ მისცა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა. ჟურნალისტ ვახო სანაიას პირველი კითხვა საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას პრეზიდენტმა სცადა მისი დარწმუნება იმაში, რომ ის მთავრობას არ დაითხოვს.

"სააკაშვილი არ არის ილია ჭავჭავაძე, საუბედუროდ. არ აქვს ასეთი ნდობა საზოგადოების და ასეც რომ იყოს, არავისთვის არ უნდა იწერებოდეს კანონი. ის ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში აქვს პრეზიდენტს ასეთი უფლება. რა თქმა უნდა, ცრუობდა. ამ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტი პახუხს არ იძლევა და ცდილობს, რომ უკან არ დაიხიოს. მას ამ კანონის აქამდე გამოყენება არ დასჭირვებია, რადგან უფრო ფართოდ იყენებდა ძალაუფლებას, ვიდრე ამ კანონშია გაწერილი. ამას აქვს თავისი მიზეზები. დღევანდელი ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა გახლავთ პოლიტიკური უმწიფრობა, რომლითაც კარგად ისარგებლა სააკაშვილმა. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ხელისუფლება დაქირავებულია ხალხის მიერ და არა პირიქით. სააკაშვილი კარგად მიხვდა, რომ ხალხს ამის გაგება არ ჰქონდა, ამიტომ საზოგადოების ნაცვლად წყვეტდა ყველაფერს", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო  ხმების მოგროვება არ გაუჭირდებათ. მისი განცხადებით, ამ ცვლილებებს მხარს არა მხოლოდ 100, არამედ 130 და 140 დეპუტატიც დაუჭერს. მისი თქმით, მას უბრალოდ  სურს, რომ ამ პროცესში უმცირესობის წარმომადგენლები და პრეზიდენტიც ჩაერთოს.

ივანიშვილმა საქართველოს უახლოეს წარსულზეც ისაუბრა და  აღნიშნა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა, წინა 2 პრეზიდენტისგან განსხვავებით, მშვიდობიანად უნდა მოხერხდეს.

პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მასობრივ დევნაში არ უნდა გადაიზარდოს და არ უნდა იყოს უსასრულო.

"როდესაც მე ვამბობ, რომ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი, არ უნდა მოხდეს წალეკვა და აგრესიის და ძალადობის გამოვლენა, მე არ მაქვს მხედველობაში, რომ სამართლიანობა არ უნდა აღდგეს. მაღალჩინოსნები, რომლებსაც კანონის წინაშე ჩადენილი აქვთ დანაშაული, აუცილებლად უნდა დაისაჯონ. უნდა დაისაჯოს რაც შეიძლება ცოტა. დღეს 7000 განცხადებაა პროკურატურაში, 7000 კაცი რომ დაისაჯოს, არცერთი ოჯახი არ დარჩება საქართველოში  ისეთი, რომლის ერთი ნათესავიც არ იქნება მათ შორის. საპირისპირო უკმაყოფილება წამოვა. მე პროკურატურას არ ვუკარნახებ, რომ შეაჩერონ პროცესები.. ამიტომაც მივმართავ უმცირესობას, რომ შეცვალონ რიტორიკა. მათი რიტორიკა ისევ სიცრუეზე და აგრესიაზეა აგებული. უნდა შეცვალონ რიტორიკა, რომ ჩაწყნარდეს საზოგადოება და ამდენი განცხადება არ შეიტანონ პროკურატურაში", - განაცხადა ივანიშვილმა. 

პრემიერმინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობასა და ამ ქვეყანაში თავის ვიზიტზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თავდაპირველად ის სწორედ აშშ-ში სტუმრობას აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.

"დასაწყისში მე მინდოდა, რომ პირველი წავსულიყავი ამერიკაში, მაგრამ მერე შევიცვალე თავად აზრი. ჩემი სურვილია, ჩვენს ყველაზე დიდ, სასურველ და სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს გავუზარდოთ ინტერესი საქართველოში. მე როდესაც გავიგე, თუ რა ხმებია იქ ჩასული საქართველოდან, გადავწყვიტე არ წავსულიყავი. არ მინდა ვაკადრო არც საქართველოს  და არც ამერიკის ხელისუფლებას ასეთი კაცი ჩავიდე იქ. მინდა შიდა პოლიტიკური მდგომარეობა დავალაგო და მე იქ ჩავიდე კაცურად", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობის დიდი სურვილია რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

 

კომენტარები