ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაიას ახალი ბრალი წაუყენეს

პროკურატურა ბაჩო ახალაიასთვის ახალი ბრალის წაყენების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. ყოფილ შს მინისტრს ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება,  ძალადობა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა. ასევე, წამების ორგანიზატორობა და თანამონაწილეობა.

განცხადების მიხედვით, შს მინისტრად მუშაობის დროს, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ბაჩო ახალაიამ შეიტყო, რომ მისი შვიდი თანამშრომელი „ქართულ ოცნებას“ უთანაგრძნობდა, რის გამოც ამ პირების პოლიტიკური ნიშნით დასჯა-წამებას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გაუკეთა ორგანიზება.

პროკურატურის ვერსიით, ახალაიამ პირველი სამმართველოს პირადი შემადგენლობის შეკრების ბრძანებულება გასცა, შემდეგ ოფიცრები დარბაზში შეიყვანეს, სადაც, მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების გამო, მინისტრმა და სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა დავით ვეკუამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, სამხრეები ჩამოახიეს და არბენინეს. მეორე დღეს ეს პირები ვეკუამ კვლავ დაიბარა კაბინეტში, შეაგინა და ჯერ სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკების დაწერა მოსთხოვა, შემდეგ კი უთხრა, რომ ოფიცერთა გადამზადების კურსებზე უნდა წასულიყვნენ.

შვიდი ოფიცერი, დანარჩენებთან ერთად, იალღუჯაზე მდებარე სპეცოპერაციების სასწავლო ცენტრში გადაიყვანეს. ყოფილმა სერჟანტებმა, რომლებსაც იქ ყოფნის კანონიერი უფლება არ ქონდათ, ჩუბინიძის მითითებით, მათ მობილურები და პირადი ნივთები ჩამაორთვეს. მთელი ამ ხნის მანძილზე ოფიცრებს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას, ნაცემებს კი სირბილს აიძულებდნენ. მოგივანებით შვიდივე მათგანი ნახევარი საათით მიტოვებულ შენობაში ჩაკეტეს, შემდეგ კი წყლის ჭავლი მიასხეს. პროკურატურის მტკიცებით, ჩუბინიძემ სასწავლო ცენტრის სხვა თანამშრომლებიც აიძულა, გაშიშვლებული და ნაცემი ოფიცრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინათ. საბოლოოდ, ისინი ორმოში ჩაყარეს და მიწა დააყარეს. მათი ამოსვლის შემდეგ წამება კვლავ გაგრძელდა, მათ შორის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გზით.

„იალღუჯის ბაზიდან წამოსვლამდე რამოდენიმე დღით ადრე შვიდივე კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ ეთქვათ ვითომ დაზიანებები მიღებული ჰქონდათ წვრთნის დროს, სხვა შემთხვევაში ოჯახებს აუწიოკებდნენ. 2012 წლის 20 სექტემბერს ცნობილი მოვლენების გამო ბაჩო ახალაია გადადგა შს მინისტრის თანამდებობიდან. რის შემდეგ შ.ს სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ იალღუჯას სპეცოპერაციების სასწავლო ცენტრიდან შვიდივე პირი დააბრუნა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ბაზაზე“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

კომენტარები