საქალაქო სასამართლო

გიგი კალანდაძეს ორი ბრალდება მოეხსნა

გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს გენერალ-მაიორ გიგი კალანდაძეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ორი ბრალდება მოეხსნა. მოსამართლე ეკა არეშიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით.
სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ აღნიშნა, რომ კალანდაძეს პირველად ბრალი 2012 წლის 8 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა წარუდგინა, შემდეგ კი 12 და 19 ნოემბერს პროკურატურამ. არეშიძის განმარტებით, 8 ნოემბერს კალანდაძე თანამდებობიდან კი გადააყენეს, მაგრამ პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილებაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი. შესაბამისად, მისთვის ბრალის წაყენების უფლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრს გააჩნდა.
"კალანდაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა მხოლოდ 5 დეკემბერს და 12 და 19 ნოემბრის მდგომარეობით, იგი მითითებული თანამდებობის პირი იყო. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საბრალდებო დოკუმენტები, რომლებიც 12 და 19 ნოემბერს არის მიღებული, უნდა გაუქმდეს და საქმეში დაუშვებლად იქნეს ცნობილი", - განაცხადა ეკა არეშიძემ.
მისივე თქმით, უნდა გაუქმდეს გიგი კალანდაძისთვის დაკისრებული გირაო, რომელიც მას მეორედ 10 000 ლარის სახით შეეფარდა და თანხა გენშტაბის ყოფილ უფროსს უკან დაუბრუნდეს.
კალანდაძე ბრალდებულად მხოლოდ 8 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი მუხლით რჩება.
12 და 19 ნოემბერს წარდგენილი მუხლებით, კალანდაძეს ბრალი ედებოდა თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 333-ე მუხლებით.
სასამართლო პროცესი, სადაც ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის და სხვა ექვსი პირის საქმე განიხილება, საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება. ამ დროისათვის პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების წარდგენა მიმდინარეობს.

კომენტარები