თავდაცვის მინისტრი

ალასანია: წულუკიანის კომპეტენციაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გუშინ, 28 თებერვალს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით  მომზადებულ სიუჟეტსა და უმცირესობის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა. ალასანიამ აღნიშნა, რომ "წულუკიანის კომპეტენციაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს".

"თეა წულუკიანის კომპეტენციაზე, გადაუჭარბებლად ვიტყვი, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. უმცირესობა არ ვიცი რა კრიტერიუმებით საზღვრავს, მაგრამ მათი მხრიდან ამ საკითხზე საუბარი მართლაც სასაცილოა და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ", - აღნიშნა ალასანიამ. 

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული სიუჟეტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და არა სამართლის. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიას თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი, დალი კანდელაკი უდასტურებს. კანონის მიხედვით კი მას სწორედ უმაღლესი იურიდიული განათლება მოეთხოვება. იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 1997 წელს წარმატებით დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თუმცა, როგორც დალი კანდელაკი აცხადებს, აღნიშნული ფაკულტეტი ორი სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს ამზადებს. 

მისივე განმარტებით, უნივერსიტეტის არქივში დაცული დიპლომის თანახმად, საგამოცდო კომისიამ თეა წულუკიანს საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნის კვალიფიკაცია მიანიჭა, სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობები. 

კომენტარები