საქართველო-აზერბაიჯანი

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში დღეს სრულდება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, აზერბაიჯანის მილიმეჯლისის თავმჯდომარესა და დეპუტატებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

მხარეებმა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ მეგობრობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის და  პირველი ლედის სახელით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის პატივსაცემად ოფიციალური მიღება გაიმართა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მიმართვაში ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის  საერთო ღირებულებებზე და თანადგომა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი. მისი თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს მხარს დაუჭერს ნებისმიერი საერთაშორისო ტრიბუნიდან. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტი გუშინ დაიწყო და დღეს სრულდება.

კომენტარები