საქართველოს მორაგბეთა ნაკრები

ქართველმა მორაგბეებმა რუსეთი სოჭში დაამარცხეს

23 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სოჭში, რუსეთის გუნდს დაუპირისპირდა და 9:23 დაამარცხა.

შეხვედრა ქართველი მორაგბეების შეტევებით დაიწყო, თუმცა მასპინძლების ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდათ. ანგარიში რუსებმა გახსნეს - იგორ კლუჩნიკოვმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა და ანგარიში 3:0 გახდა. რამდენიმე წუთში, მერაბ კვირიკაშვილმა იმავე ხერხით ანგარიში გაათანაბრა - 3-3.

რუსებს ორი საჯარიმო დარტყმის შესრულების საშუალება მიეცათ, თუმცა კლუჩნიკოვს კვლავ მიზანმა უმტყუნა. 

ამის შემდეგ, კვირიკაშვილმა ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები წინ გაიჭრა - 3-6. მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრება მალევე შეეძლოთ, თუმცა იმავე კლუჩნიკოვმა საჯარიმო დარტყმის ზუსტად შესრულება კვლავ ვერ შეძლო.

მეორე ნახევარში, ქართველებმა მეტოქეს კვლავ მისცეს ანგარიშში სხვაობის შეტანის საშუალება, თუმცა საბედნიეროდ მათ ვერც ამჯერად მოახერხეს ზუსტად დარტყმა. კლუჩნიკოვის ნაცვლად, ამჯერად იანუშკინმა ვერ იყოჩაღა.

მცირე ხანში მერაბ კვირიკაშვილმა დაარტყა, თუმცა არაზუსტად. ამის შემდეგ, ლაშა ხმალაძემ მოწინააღმდეგის ხაზის გაჭრა მოახერხა, მას მამუკა გორგოძე და თედო ზიბზიბაძეც დაეხმარნენ, საბოლოოდ კი ლელო ვიტო კოლელიშვილმა დადო. კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 3-13.

იანუშკინმა საჯარიმო დარტყმით ანგარიშში სხვაობის შემცირება ვერ შეძლო, ქართველთაგან კი კონსტანტინე მიქაუტაძე გააძევეს. რამდენიმე წუთში იმავე იანუშკინმა ზუსტად დაარტყა. 6-13.

ბორჯღალოსნებს მორიგი 3 ქულა მერაბ კვირიკაშვილმა მოუტანა, რასაც მასპინძლების პასუხი მოჰყვა - 9-16. საბოლოოდ, მამუკა გორგოძემ შეტევა ლელოთი დაასრულა, კვრიკაშვილმა კი, გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 9:23.

აღსანიშნავია, რომ ეს ქართველი მორაგბეების რუსებზე უკვე მეთხუთმეტე გამარჯვებაა. საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 17-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც "ბორჯღალოსნებმა" 15 მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ერთხელ დამარცხდნენ.

 

 

კომენტარები