საქართველოს მორაგბეთა ნაკრები

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა IRB-ს ცხრილში იტალიას გადაასწრო

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, რაგბის ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ IRB-ს რეიტინგში წინ წაიწია და იტალიას გადაასწრო. ბორჯღალოსნებმა მე-14 ადგილზე გადაინაცვლეს და ამჟამად 72,16 ქულა აქვთ, ხოლო ექვსი ერის წარმომადგენელ იტალიას - 71,85.

მილტონ ჰეიგის გუნდმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში რუმინეთის ნაკრებს 15:6 სძლია და თასიც მოიპოვა, თან ისე, რომ ერთ შეხვედრაშიც არ დამარცხებულა. ამან რა თქმა უნდა ბორჯღალოსნების სარეიტინგო ქულებზე გავლენა იქონია და ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები ცხრილში იტალიაზე წინ არის.

თავის მხრივ, იტალიელები შინ - 20:61 დამარცხდნენ უელსის ნაკრებთან, რამაც დიდწილად განაპირობა რეიტინგში მათი დაქვეითება.

კომენტარები