შს მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი: მივიღებ კრიტიკას, მაგრამ ეს კრიტიკა ობიექტური უნდა იყოს

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიებაზე, 100 დღის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ობიექტურ კრიტიკას მიიღებს.

მინისტრის განცხადებით, ამჟამად სამინისტროში მუშაობა პოლიციის რებრენდინგზე მიმდინარეობს. 

ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკულ შენიშვნებს, პოლიციის აკადემიის პრორექტორ ლუკა კურტანიძის მიერ ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, ''დაზარალებული დაიკითხა და ეს იყო პირადი საკითხი''. 

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, თენგიზ გუნავას საქმეს, ღარიბაშვილის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით სამსახურიდან 6 თანამშრომელი გათავისუფლდა. 

მინისტრმა მუსიკოს ბექა გოჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებულ შენიშვნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გოჩიაშვილზე ძალადობის ფაქტი არ დასტურდება. 

რაც შეეხება 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებს, ღარიბაშვილის განმარტებით, "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არ იყო სათანადო დონეზე მომზადებული", ხოლო უშუალოდ შს სამინისტრომ ''ფორსმაჟორულ სიტუაციაში ყველაფერი გააკეთა''.

კომენტარები