ვალდის ზატლერსი

სააკაშვილმა ვალდის ზატლერსს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, ლატვიის ყოფილ პრეზიდენტს, ვალდის ზატლერსსა და მის მეუღლეს, ქალბატონ ლილიტა ზატლერეს საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა. ამასთან, მან ვალდის ზატლერსი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, რომ ვალდის ზატლერსს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს წინაშე, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საგარეო პოლიტიკაში შეტანილი წვლილით, ისე საქართველოს მეგობართა ჯგუფის გაძლიერების თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წელს ზატლერსის პირადი ინიციატივით მოხდა იმ ჯგუფის ახალი ფორმატით ჩამოყალიბება, რომლის დახმარებითაც ქვეყანა ურთულეს გამოწვევებს გაუმკლავდა. მისი თქმით, ზატლერსი საერთო ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე კვლავ რჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად. 

ვალდის ზატლერსმა საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და სახელმწიფო ჯილდოს გადაცემისთვის, ქვეყნის პირველ პირს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის ერთგული დარჩება.

კომენტარები