რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

პუშკოვი: რუსეთისა და საქართველოს პარლამენტარები არაფორმალურ სამუშაო ჯგუფს შექმნიან

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ ''ორი ქვეყნის ურთიერთობების დალაგების მიზნით'',  რუსეთისა და საქართველოს პარლამენტარები არაფორმალურ სამუშაო ჯგუფს შექმნიან. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

"ჩვენ სავსებით შეგვიძლია და ამის თაობაზე ვესაუბრე კიდეც საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელს, ბატონ ჯაფარიძეს, რომ დავიწყოთ წინსვლა ადამიანური კონტაქტების შემსუბუქებისა და რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხებში, ასევე შეგვიძლია განვიხილოთ სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხი, მით უმეტეს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც სომხეთია", - განაცხადა ალექსეი პუშკოვმა. 

მისივე განმარტებით, შესაძლებელია, საუბრები შეეხოს საინვესტიციო პროექტებსა და  ვაჭრობის გაფართოებასაც. 

"ბატონ ჯაფარიძესთან ერთად, ჩვენ შევთანხმდით, რომ აპრილში ქართველი და რუსი პარლამენტარებისგან შევქმნით არაფორმალურ სამუშაო ჯგუფს და დავიწყებთ ყველა ამ საკითხის განხილვას, რათა შევქმნათ დადებითი ფონი ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის", - აღნიშნა ალექსეი პუშკოვმა.

კომენტარები