საპარლამენტო დებატები

ჯაფარიძე: მთელი საშემოდგომო სესია ხორკლებს ვითვლიდით პრეზერვატივზე

"ეს უკანასკნელი კვირებია გვესმის უმრავლესობისგან, რომ ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. გუშინ პრემიერმა თქვა, რომ ამ საკითხს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია მისთვის, არც უმრავლესობისთვის და ერთადერთი, ეს მნიშვნელოვანი ყოფილა ჩვენთვის. თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენთვის ამ საკითხს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - პარლამენტში პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების დროს განაცხადა უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ. 
მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ გაიმართა დღეს ეს დებატები იმ ფონზე, თუ ამ საკითხს არავისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. 
ჯაფარიძის აზრით, დებატები ამ საკითხზე დროის კარგვაა. "დროის კარგვა გახდა ტრადიცია. მთელი საშემოდგომი სესია დავუთმეთ იმას, რომ ხორკლებს ვითვლიდით პრეზერვატივზე. თავი დაანებეთ დროის უაზრო ფლანგვას და იმუშავეთ", - მიმართა ჯაფარიძემ უმრავლესობას. 
"თუ ივანიშვილს აქვს ირაციონალური შიშები და ეს საკითხი მისთვის გადამწყვეტია, მზად ვართ დავუჭიროთ მხარი, ოღონდ ჩვენც გვაქვს ჩვენი შიშები, ეს არ არის პირადი შიში და დაკავშირებულია ქვეყნის საგარეო ვექტორთან. თუ რატომ გვაქვს ეჭვები, შეგიძლიათ ნახოთ ბოლო ინტერვიუ სომხეთში, ივანიშვილის, რომ საქართველომ უნდა მიბაძოს სომხეთს. ამ დარბაზში არის ადამიანი, გოგი თოფაძე, რომელიც აცხადებდა - ნატო-ნატოს ძახილმა დაღუპა ქვეყანა და უნდა წავიდეთ რუსეთისკენო. გუბაზ სანიკიძემ 2007 წელს განაცხადა, რომ ნატო-ნატო-ს ვინც იძახის, ეს არის საქართველოს მოღალატე. კობა დავითაშვილი, რომელსაც მთელი ალბომი აქვს გადაღებული სურათების საქართველოს ისეთ დაუძინებელ მტერთან, როგორიცაა ჟირინოსვკი. ამ ყველაფრის გამო გვაქვს ეს შიშები", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

კომენტარები