რუსეთის ბაზარი

ქართული დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია ქართული ღვინისა და სხვა პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გასამართად, მოსკოვში გაემგზავრა. 

7-კაციან დელეგაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. 

როგორც ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა, დელეგაცია მოსკოვში თავდაპირველად პრეზენტაციას გამართავს.

"პრეზენტაციას გავაკეთებთ საქართველოში სურსათის პროდუქციისა და ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის შესახებ, თუ როგორ კონტროლდება საქართველოში ეს პროდუქცია, როგორ ხდება ექსპორტის სერტიფიცირება და ამის შემდეგ იქნება განხილვა, რა ნაბიჯები უნდა დაიგეგმოს ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად", - განაცხადა დავითაშვილმა.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით გრიგოლია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია, ასოციაცია ქართული ღვინის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი, ქართული ღვინის აღმასრულებელი დირექტორი თინათინ კეზელი და ხილისა და ბოსტნეულის კომპანიის დირექტორი გიორგი ჯახუტაშვილი. 

კომენტარები