პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი: თვალსა და ხელს შუა გვაპარებენ ახალი სეპარატიზმის იდეას

ყველაფერი ემსგავსება იმას, რომ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს კი არ უქმნის პრობლემას, არამედ პრობლემას უქმნის საკუთარ თავს და საქართველოს ხალხს, - ამის შესახებ ქობულეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.  

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჯავახეთში ერთიანი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის იდეა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

"ჩვენ თვალსა და ხელს შუა გვაპარებენ ახალი სეპარატიზმის იდეას, გვინერგავენ ამას. ერთმანეთთან არის ყველაფერი კავშირში. აფხაზეთიდან რკინიგზის გახსნა საქართველოს გავლით სომხეთზე, რაც დღევანდელ ეტაპზე ძირეულად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მეორე ეს არის ჩახალიანი - როდესაც გამოუშვეს ციხიდან და ახლა ისე გათავხედდა, რომ ყოველდღე აკეთებს განცხადებას, დაიწყო ორგანიზაცია და შემოტევა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ახლა ეს თემა, ე.წ. თავისუფალი ეკონომიკური ზონის. უნდათ, ნებისმიერ ფასად, შექმნან რაღაც სახის ადმინისტრაციული ერთეული ჯავახეთში და თავისუფალი ეკონომიკური ზონის იდეა აქ არის ის, რომ შეიქმნას ერთიანი ადმინისტრაციული ერთეული და როდესაც შეიქმნება ერთიანი ადმინისტრაციული ერთეული, უკვე მოითხოვენ მისთვის ავტონომიას და შემდეგ დამოუკიდებლობას, საქართველოსგან გამოყოფას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები