თავდაცვის მინისტრი

ალასანია: მზად ვართ მოვაწეროთ ხელი დეკლარაციას (ძალის გამოუყენებლობის შესახებ)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ინტერვიუ მისცა BBC-ის რუსულ სამსახურს და ვრცლად ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით. 
თავდაცვის მინისტრმა BBC-ის ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ საქართველო მზად არის ხელი მოაწეროს დეკლარაციას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, თუმცა იქვე განაცხადა, რომ ეს რეალობის ადეკვატური უნდა იყოს. 
"რეალობა კი ისეთია, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია, ის კი ჩვენი დეკლარაციის ნაწილი უნდა იყოს", - აღნიშნა ალასანიამ.
"მე ვარ იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რასაკვირველია, ჩემი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვა მომავალში რუსეთსა და საქართველოს შორის ესკალაცია. ეს არის პრაგმატიზმის პოლიტიკა, რომლისკენაც მიმართულია ბიძინა ივანიშვილის ახალი მთავრობის კურსი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვალდებული ვართ, გვქონდეს რუსეთთან ურთიერთობა იმის მიუხედავად, რომ 4 წლის წინ ჩვენ შორის ომი იყო. ვფიქრობ, სავაჭრო-კულტურული ურთიერთობებით უნდა დავიწყოთ. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი შეიცვლის შეხედულებებს საქართველოს პრიორიტეტებზე, იყოს NATO-ს ან ევროკავშირის წევრი ან შეიცვლის დამოკიდებულებას ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში. თუმცა, ჩვენ რაღაცით უნდა დავიწყოთ და ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი მთავრობის პრაგმატული მიდგომა შედეგებს მოიტანს", - აღნიშნა ალასანიამ. 
ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ აფხაზებსა და ოსებთან კონფლიქტის გზით ურთიერთობის ნორმალიზება წარმოუდგენელია. მისი აზრით, ერთადერთი გამოსავალი არის იმ საშუალებების ძიება, რომელთა დახმარებითაც საქართველო შეძლებს ოკუპირებულ რეგიონებთან ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობას. ალასანია აცხადებს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოლაპარაკება პოლიტიკურ სტატუსზე. თუმცა, თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეს "ჯერ ადრეა". 
თავდაცვის მინისტრმა BBC-ისთან ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ჟენევის პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფორუმია. 
"პოლიტიკური საკითხები, მათ შორის კონფლიქტები, ჟენევაში განიხილება და საქართველოს ახალი ხელისუფლება ამ პოზიციას მხარს უჭერს. რაც შეეხება ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერას, საქართველოს პრეზიდენტმა ნახევარი წლის წინ ევროკავშირში განაცხადა, რომ სახელმწიფო იღებს სამხედრო მოქმედებების განუახლებლობის ვალდებულებას და ეს სხვადასხვა ფორმატებში ჩვენც არაერთხელ დავადასტურეთ. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ასეთი ნაბიჯები რუსეთმაც გადადგას. საერთოდაც ომი იყო საქართველოსა და რუსეთს შორის. რუსეთმა განახორციელა სუვერენული საქართველოს ოკუპაცია. ასე რომ, ეს არის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და ის ჩვენ ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ. თუ რუსეთი ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამს, ეს მისი მხრიდან ძალიან კონსტრუქციული იქნება", - განაცხადა ალასანიამ. 
ჟურნალისტი ალასანიას ვიცეპრემიერობიდან გადაყენების საკითხითაც დაინტერესდა, რაზეც თავდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ პრემიერსა და მას შორის "მცირე გაუგებრობა მთავრობაში მიმდინარე პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს". 
კითხვაზე, სურს თუ არა, გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, ალასანია აცხადებს, რომ  ეს კოალიციის გადასაწყვეტია.

კომენტარები